2020-03-11 16:56:39
გვარამიამ კორონავირუსთან დაკავშირებით სხდომების გარკვეული პერიოდით გადადების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

„რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გავრცელებულ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით სასამართლოს სხდომების გარკვეული პერიოდით გადადების შუამდგომლობით მიმართა. როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, მისი შუამდგომლობის მიზანი ვირუსის გავრცელების თავიდან არიდებაა, ვინაიდან გვარამიას თქმით, სხდომაზე მყოფ პირებს სახლში მცირეწლოვანი შვილები, ოჯახის ხანდაზმული წევრები ჰყავთ და ის დარწმუნებული არ არის, რომ სასამართლოში ყოფნა უსაფრთხოა.

ნიკა გვარამიასა და დაცვის მხარის შუამდგომლობა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ არ დააკმაყოფილა. როგორც მოსამართლემ განმარტა, ამ ეტაპზე კრიზისული ვითარება არ არის და სასამართლო მხოლოდ პრევენციული ღონისძიებებით შემოიფარგლება.

ჩხიკვაძის გადაწყვეტილებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დასაკითხი 2 პირი დაიკითხება. სავარაუდოდ, ორშაბათს განისაზღვრება შემდეგი სამუშაო გრაფიკი.

„არ მინდა პანიკა დავთესო. ამ ეტაპზე მხოლოდ პრევენციულ ღონისძიებებს ვიყენებთ. არ დაგიმალავთ, ამ კუთხით სასამართლოშიც არის მსჯელობა. ამ ეტაპისთვის კრიზისული ვითარება არ არის", - განაცხადა ჩხიკვაძემ.

მისივე განმარტებით, ამ თემასთან დაკავშირებით კორპორაციული მიდგომა უნდა იყოს და არა ცალკეული მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

 

"ინტერპრესნიუსი"

ამავე თემაზე