2020-02-27 12:29:18
დედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პირს პატიმრობა შეეფარდა

დედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 19 წლის მიხეილ ზაუტაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოაცხადა.

ბრალდების მხარე, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. პროკურორების განმარტებით, კვლავ არსებობს ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდებულის უსაფრთხოებიდან გამომდინარე დაცვის მხარეც დაეთანხმა. ასევე ადვოკატის თქმით, გამოსაკვლევია ბრალდებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობაც.

მიხეილ ზაუტაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს. მას ბრალი 11-109-მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც ოჯახის წევრების განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს, რომელიც ჩადენილია წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბებია და დედა მათსავე საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მძინარე მდგომარეობაში ნაჯახით მოკლა.

ამავე თემაზე