2020-02-20 10:15:09
პრემიერა ოპერისა და ბალეტის თეატრში-„მედეა"

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში მორიგი საბალეტო პრემიერისთვის ემზადება. ერთმოქმედებიანი ბალეტის – „მედეა" ქორეოგრაფი, იური პოსოხოვია.  ​ 

პრემიერა 14 და 15 მარტს შედგება.

„მედეა“ პოსოხოვმა 2002 წელს სან-ფრანცისკოს ბალეტისთვის დადგა და ევრიპიდეს პიესის ადაპტაციას წარმოადგენს. პოსოხოვმა ამ პიესის ქორეოგრაფია მისი სასცენო პარტნიორის, ბალერინა ჯოანა ბერმანისთვის დადგა, სცენიდან მისი წასვლისთვის პატივის მიგების ნიშნად. თბილისის სპექტაკლში ქორეოგრაფმა გარკვეული ცვლილებები შეიტანა. რეპეტიციები უკვე მიმდინარეობს.

ბალეტისთვის გამოყენებულია მორის რაველის ორი ნაწარმოები: საფორტეპიანო პიესა „პავანა გარდაცვლილი ინფანტასთვის“ და „საფორტეპიანო კონცერტი მარცხენა ხელისათვის“. სპექტაკლისთვის ფორტეპიანოს პარტიას ვახტანგ ჟორდანია შეასრულებს. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრს პაპუნა ღვაბერიძე უდირიჟოებს.

საპრემიერო სპექტაკლები მთლიანად იური პოსოხოვის ქორეოგრაფიას დაეთმობა. წარმოდგენილი იქნება ასევე ორი ერთმოქმედებიანი ბალეტი – „საგალობელი“ და “ანარეკლი“. ორივე მათგანი პოსოხოვმა თბილისში 2008 და 2012 წლებში დადგა და დღემდეა თეატრის საბალეტო დასის რეპერტუარში.

„საგალობელი“, რომელიც ქართულ ხალხურ მელოდიებზე და ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებზე დაიდგა 2008 წელს, ქართული საბალეტო დასის ერთგვარი სავიზიტო ბარათია, რომელსაც ხშრად ცეკვავენ როგორც აქ თბილისში, ისე უცხოეთში.

იური პოსოხოვი, რომელიც მსოფლიოში ცნობილი თეატრების წამყვანი სოლისტი იყო, 1990 წლიდან აქტიურად მუშაობს როგორც ქორეოგრაფი. მისი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: “ესპანური სიმღერები”, “დუეტი“, “Impromptu” და “დონ კიხოტი” (ჰელგი ტომანსონთან ერთად).

2000 წელს სან-ფრანცისკოს ბალეტში დადგმული სპექტაკლისთვის „მაგრიტომანია“, იური პოსოხოვს მიენიჭა აისედორა დუნკანის სახელობის პრემია.

მაყურებელს თბილისში კიდევ ერთი სიურპრიზი ელის. პრემიერაზე წარმოდგენილი იქნება პა დე დე იური პოსოხოვის გახმაურებული ბალეტიდან „ნურიევი“. სპექტაკლი 2017 წელს ქორეოგრაფმა რუსეთის დიდ თეატრში დადგა, მაგრამ პრემიერამდე იგი აკრძალეს, ხოლო ბალეტის ლიბრეტოს ავტორი, რეჟისორი და სცენოგრაფი კირილ სერებრენნიკოვი დაიჭირეს. პა დე დეს – ნურიევი და ფონტეინი – თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები – ვლადისლავ ლანტრატოვი და მარია ალექსანდროვა იცეკვებენ.

ამავე თემაზე