2020-02-17 16:59:55
"თუ ჩივილს აპირებთ ბ-ნო ქუცნაშვილო, იჩივლეთ, მე მობოდიშებას არ ვაპირებ" - ტაბლიაშვილი 

თუ ჩივილს აპირებთ ბ-ნო ქუცნაშვილო, იჩივლეთ, მე მობოდიშებას არ ვაპირებ - წერს სოციალურ ქსელში, ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი.

"ზაქარია ქუცნაშვილი, ყოფილი პოლიტიკოსი და დღეს გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის მოადგილე, აპირებს მიჩივლოს, რამდენადაც ვხვდები, სასამართლოში... ჰოდა, ამთავითვე, ანუ, მის მიერ სარჩელის დაწერამდე ვიტყვი - აბა თქვენ იცით, ბ-ნო ზაქარია.

ახლა კი გიამბობთ, რა მოხდა.

კვირას, 15 თებერვალს, "პალიტრანიუსზე", ჩემს საავტორო გადაცემაში "პოლიტ-ქალაქი", სტუმრად მყავდა პარლამენტის ვიცესპიკერი კახა კუჭავა, ინტერვიუ-მსჯელობა-კამათის დროს მე მას ვუთხარი, რომ ზაქარია ქუცნაშვილმა ჩამოიყვანა!!! გავრილოვი.

კუჭავამ ჯერ დამიდასტურა, რომ ყოფილი დეპუტატი იყო პარლამენტში გამართული ღონისძიების (საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლური ასამბლეის) ორგანიზატორი, რაც შეეხება ჩამოყვანას (და, ბუნებრივია, არც მე ვგულისხმობ იმას, რომ ქუცნაშვილმა საიდანმე გამოაცილა გავრილოვი ან საზღვარზე შტამპი ჩაურტყა პასპორტში), ამას არ დაეთანხმა.

დღეს დილით, ჩემს მეუღლეს, IngaSamkharadze დაუკავშირდა ვინ? ვინ და ქუცნაშვილი, რომელმაც მას უთხრა, რომ ჩემგან მოითხოვს ბოდიშის მოხდას ამ უზუსტობაზე კი არა, ტყუილზე (ცხადია, მისი აზრით) და, ამ შეცდომის გასწორებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა გზას მიმართავს და ამ სხვა გზაში, ვვარაუდობ, სწორედ სასამართლო იგულისხმება.

ბ-ნმა ქუცნაშვილმა ისიც თქვა, რომ ამას, ანუ, ტყუილს ამ თემაზე, მე მესამედ ვკადრულობ და დაასახელა წინა ორი შემთხვევაც - პასაჟები დიმიტრი ხუნდაძესთან და არჩილ თალაკვაძესთან ინტერვიუებიდან - სადაც, მას ასევე მოვიხსენიებ გავრილოვის ჩამომყვანად.

საუბრისას ქუცნაშვილმა იკითხა - ვიცნობდით თუ არა მის ვრცელ წერილს, რომელიც მან პარლამენტის დატოვების შემდეგ გამოაქვეყნა.

(ვუდასტურებ, რომ ვიცნობ და ვამბობ, რომ ჩემი აზრით სრული ბოდვაა წერილის უმეტესი ნაწილი).

მას - ბ-ნ ქუცნაშვილს, საქმე რომ გავუიოლო, საჯაროდ ვაცხადებ, რომ არათუ ბოდიშს არ მოვიხდი ამ სიტყვებზე, არამედ, ვიმეორებ კიდეც - დიახ, ამ ასამბლეის თბილისში გამართვასთან დაკავშირებით ხელისუფლება იყო საქმის კურსში, მას - ხელისუფლებას და პირადად ქუცნაშვილს უნდა სცოდნოდა დღის წესრიგი და ჩაბრძანდებოდა თუ არა გავრილოვი პარლამენტის თავმჯდიმარის სავარძელში, და რადგან არ იცოდა, ანუ, თავიც არ შეუწუხებია, გავრილოვი ჩამოიყვანა ხელისუფლებამ, რომლის წევრიც იყო ქუცნაშვილი.

ფორმალური თვალსაზრისით, ეს ჩამოყვანაა თუ ჩამოსვლა საერთაშორისო დელეგაციის ფარგლებ-ჩარჩოებში რომ მოხდა, ვიცით. ისევე როგორც ვიცით ისიც, რომ მას - გავრილოვს, არ უნდა მისცემოდა არც ჩამოსვლის და პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩაბრძანების შესაძლებლობა და ამის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი...

თუ ბ-ნი ქუცნაშვილი ცამდე კი არა, თუნდაც იოტისოდენად იყო მართალი ანუ, უბრალო (მსგავსად, მაგალითად, სხვა დეპუტატებისა), რატომ წავიდა ის პარლამენტიდან? დიახ, მე ვიცნობ მისეულ ახსნას ამ ფაქტისა, მაგრამ, მისი წერილის დიდი ნაწილის არ იყოს, ესეც ბოდვად მიმაჩნია (ამ სიტყვაზეც შეუძლია ჩივილი - ცხადია, ბოდვაც შეფასებაა და მის ღამის ზმანებებზე ვერაფერს ვიტყვი)

ჰოდა, მოკლედ რომ ვთქვა - თუ ჩივილს აპირებთ ბ-ნო ქუცნაშვილო, იჩივლეთ, მე მობოდიშებას არ ვაპირებ.

აქვე ვიტყვი, რომ ჩემი მეუღლის შეთავაზება - უშუალოდ ჩემთან - გადაცემის ავტორთან ესაუბრა ბ-ნ ქუცნაშვილს ამ თემაზე, ამ უკანასკნელმა არ მიიღო." - წერს ტაბლიაშვილი სოციალურ ქსელში.

ამავე თემაზე