2020-02-14 12:54:59
მაინტერესებს, რა არგუმენტი ექნებათ, რომელიც ბუნებაში არ არსებობს მოსამართლეებს, მინდა, გავერკვე, რა დოზით არის საკონსტიტუციო სასამართლოზე ივანიშვილის გავლენა - მელია

მაინტერესებს, რა არგუმენტი ექნებათ, რომელიც ბუნებაში არ არსებობს მოსამართლეებს, მინდა, გავერკვე, რა დოზით არის საკონსტიტუციო სასამართლოზე ივანიშვილის გავლენა -  ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, არ შეიძლება პარლამენტიდან დეპუტატის გამოძევება იმ გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც კანონიერ ძალაში არ არის შესული.

„პირველ რიგში, მაინტერესებს, რამდენად გვაქვს ზოგადად საკონსტიტუციო სასამართლო და რამდენად არის მზად საკონსტიტუციო სასამართლო, რომ მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. არ მოგატყუებთ და ჩემს პარლამენტში დაბრუნებასთან დაკავშირებით გეტყვით, არანაირი სურვილი არ მაქვს, ვიყო იმ ბატონების კოლეგა, რომლებიც არიან წარმოდგენილი „ქართულ ოცნებაში“. საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა აღდგეს ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის, კონსტიტუციური უფლება, რომელიც შეილახა, კანონიერ ძალაში შეუსვლელი გადაწყვეტილების საფუძველზე, პარლამენტარის გამოძევება პარლამენტიდან არის წარმოუდგენელი. კანონიერ ძალაში შესულად გადაწყვეტილება ვერ ჩაითვლება, ვიდრე არ ამოიწურება გასაჩივრების ყველა შესაძლებლობა. მე რომ ახლა სააპელაციო სასამართლოში მოვიგო (ვასაჩივრებთ იმ დადგენილებას, რომლითაც გამომაგდეს პარლამენტიდან), არ არსებობს ინსტრუმენტი, რომლითაც მე დავბრუნდები პარლამენტში. ეს ინსტრუმენტი დევს აქ, საკონსტიტუციო სასამართლოში.

ჩემზე კარგად იციან მოსამართლეებმა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც მათ უნდა მიიღონ, არის იმ დადგენილების გაუქმება, რის საფუძველზეც მე გამომაძევეს, მოხდეს ჩემი კონსტიტუციური უფლებების აღდგენა, ვიდრე გასაჩივრების პროცედურები არ ამოიწურება მეორე და მესამე ინსტანციაში სასამართლოში. აქამდე საკონსტიტუციო სასამართლოში ურთიერთობის არანაირი გამოცდილება არ მქონია, მინდა, გავერკვე, რა დოზით არის შემოსული ბიძინა ივანიშვილის გავლენა საკონსტიტუციო სასამართლოში.იმედი მაქვს, რომ მათ პროფესიულ ღირსებას წინ დააყენებენ, ვიდრე სხვა რაიმე გავლენას, რომელიც არაერთ ადმინისტრაციულ ორგანოს თავს ახვევია“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

ამავე თემაზე