2020-02-13 15:17:50
მარნეულელი აქტივისტი რაშან ზიადალიევი ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ გაამართლა

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი რაშან ზიადალიევი გაამართლა. 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) განცხადებით, რომელიც ზიადალიევის ინტერესებს იცავდა, მოსამართლის ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ზიადალიევს პოლიციის თანამშრომლებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არც მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ჰქონია ადგილი. 

GDI-ის ცნობითვე, სასამართლომ გადაწყვეტილების გამოცხადების დროს განმარტა, რომ პირის იდენტიფიკაციის მიზნით შეჩერება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული საფუძვლითაა შესაძლებელი და რაშან ზიადალიევის შეჩერება მხოლოდ იმიტომ, რომ ის ღამის საათებში მარტო გადაადგილდებოდა, ასეთ საფუძვლად არ მიიჩნია. 

"შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, პოლიციის მოთხოვნა, რაშან ზიადალიევს მათთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინა, იყო უკანონო, რაც გამორიცხავდა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტს,"- წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.  

რაშან ზიადალიევი 8 თებერვალს, მარნეულის ცენტრში პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. მას პოლიცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდა, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ნიშნავს და 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. 

ზიადალიევი აზერბაიჯანელი ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის, სახელად „სალამ“-ის ვიდეორგოლში მონაწილეობდა, რითახც მხარდაჭერას უცხადებდნენ 25 წლის ჰამიდ სადიკოვს, გარდაბნის რაიონის სოფელ კალინინოს სკოლის მასწავლებელს, რომელმაც ხმამაღლა გააპროტესტა თავისი მოსწავლის, 19 წლის გოგოს ქორწინების მიზნით მოტაცების ამბავი.  

 

ამავე თემაზე