2020-02-13 13:15:03
მისიის ჩამოსვლა მნიშვნელოვანია, რადგან უგულავას საქმეს უამრავი სპეკულაცია მოჰყვა - ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას საქმეს ევროპარლამენტარებისგან დაკომპლექტებული მრავალპარტრიული მისია შეისწავლის. ვოლსკის თქმით, მისიის ჩამოსვლა მნიშვნელოვანია, რადგან უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას უამრავი სპეკულაცია, განცხადებები, გაუგებრობა და შეუთანხმებელი პოზიციების გაჟღერება მოჰყვა.

"მისია ამ საკითხებს სამართლებრივ პოლიტიკური ასპექტით განიხილავს ჩვენთან ერთად და შესაბამის დასკვნებს გააკეთებს იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდა. ეს თემა უნდა გახდეს საერთაშორისო მსჯელობის საგანი მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომპეტენტური დასკვნა იქნება გაკეთებული, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრთა სხვადასხვაობა მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს და მის სტაბილურობას, ქმნის არასწორი ინფორმაციის გავრცელების წინაპირობას. ჩვენი ძალა და ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საერთაშორისო დონეზე უნდა ემყარებოდეს მხოლოდ სიმართლეს. ამ პროცესში ხელის შეშლა და უარყოფითი განცხადებების გაკეთება გახდა დილიდან ოპონენტების პოზიციის მთავარი გამოხატულება და ეს საკმაოდ მნიშვნელოვან შეკითხვებს უნდა ბადებდეს როგორც მედიაში ასევე საზოგადოებაში," - განაცხადა ვოლსკიმ.  

შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს თბილისის ყოფილ მერს, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მას შემდეგ, რაც აღნიშნულ საქმეზე კითხვები გაჩნდა, გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტს შესთავაზა, უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისია გამოგზავნოს.

„ნაციონალური მოძრაობის“  წევრმა სალომე სამადაშვილმა კი განაცხადა, რომ ევროპარლამენტის ფარგლებში გიგი უგულავას საქმის შემსწავლელი მისიის ფორმატი ინსტიტუციურად არ არსებობს.

თუმცა, „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მხარს უჭერს ინიციატივას, გიგი უგულავას საქმის შემდგომი გამოძიების მიზნით, საქართველოში გაიგზავნოს ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელ პარლამენტართაგან შემდგარი ფაქტების შემსწავლელი მისია.

ამავე თემაზე