2020-02-13 12:11:08
საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს სასამართლოს გამოყენება ოპოზიციის ჩასაჩუმებლად - Renew Europe-ი

ევროპის პარლამენტის ჯგუფი Renew Europe-ი, რომელიც ლიბერალურ, პროევროპულ პარტიებს აერთიანებს, გმობს „საქართველოს ოპოზიციის ლიდერის, გიგი უგულავასთვის 38 თვით პატიმრობის მისჯას ძველი დარღვევისთვის, რომლისთვისაც მან უკვე მოიხადა სასჯელი.“ - ნათქვამია Renew Europe-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ეს ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასა და კანონის უზენაესობის დაცვას ეხება",- ნათქვამია Renew Europe-ს განცხადებაში.

Renew Europe ჯგუფის ლიეტუველი ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი მოუწოდებს ქართულ ოცნებასა და მის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, რომ გამოიჩინოს კეთილი ნება და ღიაობა და სრულად ჩაერთოს ოპოზიციასთან პოლიტიკურ დიალოგში.

ამავე გაერთიანების კიდევ ერთი რუმინელი ევროპარლამენტარი, რამონა სტრუგარიუსი ამბობს, რომ არ შეიძლება ოპოზიციას გაჩუმება აიძულო, ხოლო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რეფორმა დიალოგის გზით უნდა გატარდეს.

"შემაშფოთებელია, რომ პოლიტიკური მოღვაწე შეიძლება საქართველოში დააკავო, რადგან საქართველო არა დიქტატურა, არამედ დემოკრატიაა, მეგობარია, რომელსაც გვსურს მხარი დავუჭიროთ. ნუ დაგვაკარგინებთ თქვენს იმედს", - აცხადებს ფრანგი ევროპარლამენტარი ბერნარდ გეტა.

ამავე თემაზე