2020-02-05 17:14:13
ვფიქრობდი, მადლობა, რისთვის გადამეხადა და ჯერ ვერაფრისთვის გადაგიხდით, მაგრამ დაიმსახურებთ, თუ დაწერთ განცხადებას და გადადგებით - ფოფხაძე ტიკარაძეს 

ვფიქრობდი, მადლობა, რისთვის გადამეხადა და ჯერ ვერაფრისთვის გადაგიხდით, მაგრამ დაიმსახურებთ, თუ დაწერთ განცხადებას და გადადგებით - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ, ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს. ფოფხაძის თქმით, დიდი ხანი ფიქრობდა, რისთვის ეთქვა მადლობა ჯანდაცვის მოქმედი მინისტრისთვის, თუმცა ვერაფერი მოიფიქრა.

„იმედი მაქვს, კითხვების დასმის შემდეგ მაინც დაუბრუნდებით რეალობას და იმას, თუ რა სიღარიბეა ქვეყანაში, რა კატასტროფული მდგომარეობაა დასაქმების სფეროში. ერთხელ და სამუდამოდ, იქნებ შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენ ვიდეო-თვალები კი არ უნდა ვუყიდოთ სოციალურ მუშაკებს, არამედ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ამდენი გაჭირვებული ადამიანი არ გვყავდეს. თქვენი მოხსენება რეალობისგან ძალიან შორს იყო. ვიდრე აქ მოვედი, რუსთაველიდან პარლამენტის შენობამდე 10 ადამიანი იყო ხელგამოწვდილი, მოწყალებას ითხოვდა და ყველასთვის ფული არ მეყო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ვალდებულება, რომ პარლამენტთან ცოტა უფრო კატეგორიულად აყენებდეს საკითხს, თუ რა უნდა გააკეთოს პარლამენტმა იმისათვის, რომ მონოპოლიები არ გაჩნდეს, გაჭირვებული ადამიანები არ გვყავდეს, თუ ვინმე დასაჭერია, უნდა დავიჭიროთ და ა.შ. თქვენი პოლიტიკა არ არის მიმართული სიღარიბის დამარცხებისკენ. ვფიქრობდი, მადლობა, რისთვის გადამეხადა და ჯერ ვერაფრისთვის გადაგიხდით მადლობას, მაგრამ ამას დაიმსახურებთ, თუ დაწერთ განცხადებას და გადადგებით“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ამავე თემაზე