2020-02-03 16:16:25
თუ ევროინტეგრაცია გვინდა, ამისთვის პირველ რიგში უნდა განვავითაროთ დასავლეთის გზა და დასავლეთის კარიბჭე, რასაც ანაკლია ჰქვია და რაც ამ ხელისუფლებამ ჩააგდო - ხაზარაძე 

ჩვენ თუ ევროინტეგრაცია გვინდა, ამისთვის პირველ რიგში უნდა განვავითაროთ დასავლეთის გზა და დასავლეთის კარიბჭე, რასაც ანაკლია ჰქვია და რაც ამ ხელისუფლებამ ჩააგდო, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. ხაზარაძეს ქვეშეთი-კობის საგზაო მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებით დღეს კიდევ ერთხელ ჰკითხეს.

​„დასავლეთის მიმართულება არის გაჩერებული. ანაკლიის პორტს აჩერებ მხოლოდ იმის გამო, რომ არ გასცემს სახელმწიფო 50 მილიონ დოლარიან გარანტიას, რათა დასრულდეს 650 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია, რომელიც არის კერძო ინიციატივა. ამ დროს, სახელმწიფოს ბიუჯეტი იღებს ნახევარ მილიარდიან ვალს ჩვენ ხარჯზე, რომ ჩრდილოეთის გზა დააფინანსოს, ეს არის ყოვლად მიუღებელი. ჩვენ თუ გვინდა ევროინტეგრაცია, ამისთვის პირველ რიგში უნდა განვავითაროთ დასავლეთის გზა და დასავლეთის კარიბჭე, რასაც ანაკლია ჰქვია და რაც ამ ხელისუფლებამ ჩააგდო.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა გზის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის გზის მშენებლობის მომხრე ვარ, რადგან ქვეყანას სჭირდება გზები, ამ გზებს ესენი ვერ აშენებენ. ჩაიხედეთ ტენდერებში, რა დარღვევებია. დასავლეთის გზა არის გაჩერებული და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მიდის ჩრდილოეთის გზის მშენებლობა. თუ არგუმენტია, რომ 100 მანქანა არის გაჩერებული, ჩემი არგუმენტია, რომ შავ ზღვაზე მოცურავე გემების 75% საქართველოში ვერ შემოდის იმის გამო, რომ ამ მთავრობამ ვერ გასცა შეგნებულად 50 მილიონი დოლარის გარანტია, რომელიც გარდაიქმენბოდა კრედიტში და არავინ ზარალდებოდა“,- განაცხადა ხაზარაძემ.

ამავე თემაზე