2020-01-24 13:10:41
თუ ემსახურები ივანიშვილს კარგად, მაშინ შეგიძლია შენი ოჯახის წევრები და ნათესავები თავზე დაასვა მთელ პოლიციას - ნადირაშვილი იზორიას ძმის კადრებზე

თუ ემსახურები ივანიშვილს კარგად, მაშინ შეგიძლია შენი ოჯახის წევრები და ნათესავები თავზე დაასვა მთელ პოლიციას - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა გააკეთა, რითაც"მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ კადრებს გამოეხმაურა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აკავებენ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას, ვახო იზორიას, ჩარევის შემდეგ კი ათავისუფლებენ. 

"ჩვენ სახეზე გვაქვს, სულ ცოტა, უფლებამოსილების გადაჭარბებება. ვითხოვთ, რომ აუცილებლად დაიწყოს გამოძიება და პასუხი გაგვცენ კითხვაზე, როგორ მოხდა, რომ პოლიციელები, რომლებიც ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას და დააკავეს ადამიანი, რომელიც მათი აზრით და კადრებიდანაც ჩანს, რომ არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, აიძულეს, რომ დანაშაული ჩაედინათ და სამართალამცველებს სამართალდამრღვევი გაეთავისუფლებინათ. ამაზრზენი იყო, როდესაც ვხედავდით პატრულის მაღალჩინოსნები როგორ უხდიდნენ ბოდიშს იზორიას ძმას და იზორიას პირად მძღოლს.

ეს იყო დამამცირებელი კადრები თითოეული მოქალაქისთვის და პოლიციისთვის. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ, რომ ჩატარდეს სრულფასოვანი გამოძიება ამ საკითხზე და ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩართული იყო ამ დანაშაულის დაფარვაში, იყოს გამოვლენილი და სათანადოდ დასჯილი. კადრები, რომელიც ვნახეთ, ადასტურებს, როგორ აქვს მიტაცებული ივანიშვილს და მის ჩინოვნიკებს სახელმწიფო. ეს კადრები ადასტურებს, რომ თუ ემსახურები ივანიშვილს კარგად, მაშინ შეგიძლია შენი ოჯახის წევრები და ნათესავები თავზე დაასვა მთელ პოლიციას, ქვეყანას და მოქალაქეებს",-თქვა ირმა ნადირაშვილმა  

ამავე თემაზე