2020-01-23 15:32:03
არათუ გასაუბრებები არ იყო ღია, არც საბჭოს ვებზე იძებნება ინფორმაცია კანდიდატების და მათი ბიოგრაფიების შესახებ - ნაცვლიშვილი 

არათუ გასაუბრებები არ იყო ღია, არც საბჭოს ვებზე იძებნება ინფორმაცია კანდიდატების და მათი ბიოგრაფიების შესახებ - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა მართლმსაჯულების სისტემისთვის - იუსტიციის საბჭო ირჩევს ე.წ. დამოუკიდებელ ინსპექტორს 5 წლის ვადით. ვინ არის ინსპექტორი? ეს არის ადამიანი, რომელმაც თქვენი საჩივრები უნდა განიხილოს, ძვირფასო მოქალაქეებო, მოსამართლეების მიმართ. თუ ინსპექტორი მოსამართლის ქმედებაში არასწორი მოქმედების ნიშნებს დაინახავს, მან უნდა მისცეს საქმეს შესაბამისი მსვლელობა, რის შედეგადაც მოსამართლე პასუხს აგებს კანონის წინაშე. ინსპექტორი - ეს არის ადამიანი, რომელმაც უნდა დაიცვას მოქალაქეები მოსამართლეთა უსამართლობისგან, და ასევე დაიცვას თავად მოსამართლეები - სხვა პირების ჩარევისგან: მაგალითად იმ შემთხვევაში, როდესაც მოსამართლე სისტემის დაკვეთას არ შეასრულებს და "ვიღაც" (სასამართლოს შიგნიდან, ან გარედან) მის დასჯას გადაწყვეტს. როგორ ირჩევს საბჭო ამ ადამიანს? გასაუბრებები უკვე ჩაატარეს. გაგიგიათ ამის შესახებ ? - არა. გასაუბრებები ჩაატარეს ჩუმად, უხმაუროდ, დახურულ სხდომაზე. (კანონი არ ამბობს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გასაუბრება დახურული უნდა იყოს, პირიქით, თუ სწორად წავიკითხავთ კანონს და მის სულისკვეთებას - ეს უნდა იყოს ძალიან ღია და საზოგადოებისთვის გასაგები პროცესი). არათუ გასაუბრებები არ იყო ღია, არც საბჭოს ვებზე იძებნება ინფორმაცია კანდიდატების და მათი ბიოგრაფიების შესახებ.

დღეს საბჭოს სხდომაზე აირჩევენ ამ უმნიშვნელოვანესი თანამდებობის პირს. აირჩევენ ადამიანს, რომელმაც საბჭოს მოსამართლე წევრების ქმედებებიც უნდა შეისწავლოს და ამხილოს, თუ ამის საფუძველი იარსებებს (და ბევრი არსებობს პრაქტიკაში). მოკლედ ასე, მას შემდეგ რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები აირჩიეს ღია გასაუბრებებით და მთელი ქვეყნის წინაშე გაშიშვლდა მანკიერი სისტემა, გადაწყვიტეს, რომ თავი აღარ აეტკივებინათ და უხმაუროდ ჩაეტარებინათ ეს პროცესი. შეგახსენებთ, წინა ინსპექტორი (ქეთევან ცინცაძე) დაჯილდოვდა კანონით დაკისრებული მოვალეობების არშესრულების და მორჩილებისთვის - ის ცოტა ხნის წინ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ გაამწესეს. თქვენ, თანამოქალაქეებო, იმსახურებთ იცოდეთ ეს ამბები’’ - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა.

ამავე თემაზე