2020-01-23 14:04:02
შესაძლოა, ზოგიერთი კონგრესმენი შეცდომაში იყოს შეყვანილი, ან არ ფლობდეს ზუსტ ინფორმაციას - ოხანაშვილი

შესაძლოა, ზოგიერთი კონგრესმენი შეცდომაში იყოს შეყვანილი, ან არ ფლობდეს ზუსტ ინფორმაციას - ასე აფასებს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილს. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო აშშ-ის ბიუჯეტის შესახებ კანონში ვერ მოხვდებოდა, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, რომლის მიმართაც ამერიკა მხარდაჭერას ახორციელებს, თუკი საქართველო გადაუხვევდა დემოკრატიული განვითარების გზას.

„ჩვენი გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობას. კონგრესის ზოგიერთი წევრი შესაძლოა, სხვა პოზიციებს ან ვერსიებს აჟღერებდეს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში შესაძლოა, მოკლებული იყოს ობიექტურობას. ამ მიმართულებით დამატებითი მუშაობაა საჭირო, თუმცა ერთი რამ არის ხაზგასასმელი - აშშ-ის ბიუჯეტის შესახებ კანონში ვერ მოხვდებოდა საქართველო, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, რომლის მიმართაც ამერიკა მხარდაჭერას ახორციელებს, თუკი საქართველო გადაუხვევდა დემოკრატიული განვითარების გზას. გარდა ამისა, აშშ-ის ორპარტიულ დოკუმენტში საქართველოზე განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ამერიკისთვის. ვერ მოხვდებოდა ამ ორპარტიული დოკუმენტის ინიცირება, თუკი საქართველო არ ადგას დემოკრატიული განვითარების გზას და არ ახორციელებს რეფორმებს.

შესაძლოა, ზოგიერთი კონგრესმენი შეცდომაში იყოს შეყვანილი, ან არ ფლობდეს ზუსტ ინფორმაციას. ამის მიუხედავად, ამ კონგრესმენებთან ჩვენ ვითანამშრომლებთ და ჩვენი მთავარი ამოცანაა, ყველას, მათ შორის მათ, მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ამავე თემაზე