2020-01-22 22:29:45
თუ გვინდა განვვითარდეთ, უნდა გავაძლიეროთ დასავლური კურსი და ხელი შევუშალოთ ამ მთავრობას იმ მავნე გადაწყვეტილებების აღსრულებაში, რასაც ისინი იღებენ - ხაზარაძე

ჩრდილოეთის კურსი შესაჩერებელია და თუ გვინდა განვვითარდეთ, უნდა გავაძლიეროთ დასავლური კურსი და ხელი შევუშალოთ ამ მთავრობას იმ მავნე გადაწყვეტილებების აღსრულებაში, რასაც ისინი იღებენ - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

"კონგრესმენების განცხადებით ნათლად არის ხაზგასმული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების პოზიცია ანაკლიასთან და არა მარტო მასთან დაკავშირებით. წერილში რამდენიმე ძირითადი გზავნილია - ეს არის დემოკრატიული არჩევნების და იმ პროცესის შეფასება, რომელიც, სამწუხაროდ, ისე მიდის, როგორც ოცნებამ მოახვია თავზე ქართველ საზოგადოებას. საუბარი მაქვს პროპორციულ არჩევნებზე, დემოკრატიული ღირებულებებიდან გადახვევაზე და ანაკლიის პროექტის ჩაგდებაზე. ასევე, ხაზგასმულია ის ძველი ე.წ. "შეკერილი საქმეები", რომელიც წამოწეულია ჩვენ მიმართ და არამარტო ჩვენ მიმართ - თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერისადმი დაწყებულია პოლიტიკური დევნა პროკურატურის და სასამართლოს მხრიდან. რაც ყველაზე მთავარია, ხაზგასმულია ანაკლიის ის მნიშვნელობა, რომელიც აკავშირებს და აკავშირებდა შეერთებულ შტატებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და ანაკლიას და მთლიანად საქართველოს გახდიდა შუა დერეფნად და ძალიან მნიშვნელოვან მოთამაშედ არამარტო რეგიონის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იმიტომ, რომ ეს პირდაპირ იკითხება, თუ რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ჰქონდა ამ პროექტს. ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო რუსული ინტერესების გატარება საქართველოში, კერძოდ, ანაკლიის პროექტისა და კონსორციუმის მიმართ - პროექტის გაჩერება. ამას ადასტურებს ასევე ,,ქართული ოცნების’’, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის განცხადება ამერიკელებთან დაკავშირებით შავ ზღვაზე. ასევე, კაკულიას განცხადება, რომ თურმე ანაკლიის პროექტში არ ყოფილა გათვალისწინებული რუსების ინტერესი და ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი.

დღეს ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, ქობულიას განცხადება, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ანაკლიის პროექტი არ უნდა აშენდეს. ეს გახლავთ ზუსტად ის ნარატივი და გადაწყვეტილება, რომელიც დიდი ხანია, მიღებული ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას - რომ ანაკლიის პროექტი არ უნდა აშენდეს. დანარჩენი ყველაფერი არის ფარსი. ეს არის მესამე წერილი ერთი თვის განმავლობაში და ბოლო წერილში პუტინისა და ივანიშვილის მმართველობის სტილი პრაქტიკულად შედარებულია და ნათლად არის ნათქვამი, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - შეერთებული შტატები ძალიან შეშფოთებულია იმ კურსით, რომელსაც ატარებს "ქართული ოცნება". ეს არის კურსი ჩრდილოეთის მიმართულებით. ეს კურსი შესაჩერებელია და თუ ჩვენ გვინდა განვვითარდეთ, უნდა გავაძლიეროთ დასავლური კურსი და ხელი შევუშალოთ ამ მთავრობას იმ მავნე გადაწყვეტილებების აღსრულებაში, რასაც ისინი იღებენ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამავე თემაზე