2020-01-22 11:33:18
ვართ ქვეყანა, სადაც აღარ დარჩა დამოუკიდებელი ტელევიზია, რომლის დირექტორი ან მფლობელი დაკითხვაზე არ დადის - უგულავა

გასაოცარი დემოკრატიის მეშვიდე წელს, ევროპარლამენტიდან ვიღებთ გასაოცარ კრიტიკას - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა. უგულავას თქმით, საქართველოს პარტნიორები ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებენ, რაც ადასტურებს იმას, რომ მათ კარგად ესმით, თუ ვინ იღებს რეალურად გადაწყვეტილებებს.   

„პრაქტიკულად არავის მსოფლიოში, ვინც საქართველოზე ფიქრობს, საქართველოს მეგობრებს, არავის სჯერა ივანიშვილის ვერსიის, რომ თურმე იქ დაჩი ბერაიამ და ხუნდაძემ ხმა აიმაღლეს და ამბოხი მოაწყვეს. კატეგორიული მოთხოვნაა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით და აქაც სრულიად ყველაფერს აეხადა ფარდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპარლამენტარები იმ ადამიანებს, ვინც დღეს უკანონოდ იმყოფებიან ციხეში, უწოდებენ პოლიტპატიმრებს. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც აღარ დარჩა დამოუკიდებელი ტელევიზია, რომლის დირექტორი ან მფლობელი დაკითხვაზე არ დადის, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ყველა პოლიტიკური ლიდერი ან დასაჭერთა სიაშია ან დაჭერილია და მიდის გამალებული რეპრესიები. ყველაფერ ამას ემატება ის გარემოება, რომ პრაქტიკულად ტრენდი იქმნება მსოფლიოში, რომ აგერ პუტინიც კი, რომელიც თავისი ვადის კიდევ უფრო გახანგრძლივებას ცდილობს, ბაძავს იმ სისტემას, რომელიც ივანიშვილმა ჩამოაყალიბა არაფორმალური მმართველობის პირობებში. მთავარი რაც არის, ივანიშვილმა არაფორმალური მართვა იმიტომ კი არ გადაწყვიტა, რომ ეზარებოდა მართვა, თუმცა, ესეც არის, გადაწყვიტა იმიტომ, რომ არ გამოჩენილიყო, დამალულიყო და ეს საქმეები პირდაპირ, ასე ვთქვათ, არ შეტენოდა, მაგრამ აქაც მან სრული ფიასკო განიცადა, რადგან ვნახეთ ევროპარლამენტში პასუხისმგებელი არავის უხსენებია მათ შორის გახარიაც კი, არამედ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ივანიშვილი და ეს ყველას კარგად აქვს გასიგრძეგანებული. ამიტომ, ვერც პასუხისმგებლობას გაექცევა და შესაბამისად, „ქართული ოცნება“ რაც უფრო გააჭიანურებს პროცესს ნორმალური საარჩევნო სისტემის დაბრუნებისკენ, მანამდე ეს კრიტიკა არ დამთავრდება, მეტიც იქნება შეუქცევადი და საბოლოო ჯამში, „ქართულ ოცნებას“ მიიყვანს სრულ დელიგიტიმაციამდე,“- განაცხადა გიგი უგულავამ.

  

ამავე თემაზე