2020-01-22 10:37:56
ეველინ ფარკასმა CNN-ზე პუტინის გეგმები ივანიშვილის პოზიციას შეადარა

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილმა მოადგილემ რუსეთის, უკრაინის და ევრაზიის საკითხებში, ეველინ ფარკასმა CNN-ზე, კრისტიან ამანპურთან რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას ვლადიმერ პუტინის მომავალი როლის შესახებ ისაუბრა და პუტინის გეგმები ივანიშვილის პოზიციას შეადარა.

"პუტინი კულუარებიდან გააგრძელებს მართვას. პირი, რომელიც ახალი პრემიერ-მინისტრი იქნება, არ წარმოადგენს საფრთხეს მისთვის. იგი 53 წლისაა და, როგორც ჩანს, არ აქვს დიდი ამბიციები. ამიტომ არ განიხილება ვლადიმერ პუტინისთვის, როგორც საფრთხე.

ვფიქრობ, თუკი პუტინი მოახერხებს იპოვოს ვინმე, ვინც მედვედევივით დამჯერი იქნება, აუცილებლად გააკეთებს ისე, რომ ეს ადამიანი პრეზიდენტი გახდეს. შემდეგ კი, კულუარებიდან შეეძლება ლიდერების კონტროლი. რეალურად, ამას ვხედავთ საქართველოში, იქ არის ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი – ის კვლავაც არის ძალა თავისი პარტიის უკან. ასე რომ, ეს შესაძლებელია სისტემაში, სადაც არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატია.

იცით, ძალიან არ მინდა აქ საქართველოს კრიტიკა – იმიტომ, რომ რუსეთისგან განსხვავებით, ძალისხმევას არ იშურებენ დემოკრატიის განვითარებისთვის. მაგრამ არსებობს მექანიზმი პუტინისთვის, რომ კულუარებში დარჩეს და არ გამოჩნდეს ბრეჟნევად,"-განაცხადა ეველინ ფარკასმა.

ამავე თემაზე