2020-01-17 18:20:53
„თიბისი ბანკის“ საქმეზე გიორგი ქადაგიძე კიდევ ერთხელ დაიკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ექვსი მოწმე დაიკითხა. 

პროკურორის განცხადებით, დაკითხვები გაგრძელდება და ასევე დაიკითხება საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.

პროკურორის განცხადების საპირისპიროს აცხადებს ბრალდებული ბადრი ჯაფარიძე. მისი თქმით, დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მსგავს რამეს, რასაც მათ პროკურატურა ედავებათ, ადგილი არ ჰქონია.

„მოწმეთა ჩვენებები ადასტურებს, რომ მსგავს რამეს, რასაც პროკურატურა გვედავება, ადგილი არ ჰქონია. რაც მთავარია, დღეს რამდენიმე მოწმემ პირდაპირ თქვა, რომ ის სესხები, რომლებიც პრობლემური გახდა რუსეთის არმიის შემოჭრის გამო, პრაქტიკულად, იმათი საფასური ჩვენი ჯიბიდან გადავიხადეთ მე და მამუკამ.

მიუხედავად იმისა, რომ, სამწუხაროდ, ეს აბსურდი გრძელდება, დღევანდელი მოწმეებისა და წინა მოწმეების ჩვენება ერთმანეთისგან არ განსხვავდება და ადასტურებს, რომ ბრალდება მოგონილი, სრულიად უსაფუძვლო და დავალებით წარმოდგენილია”, - განაცხადა ჯაფარიძემ.  

ამავე თემაზე