2020-01-15 12:27:13
წელს ძალიან ბევრ მასშტაბურ პროექტს დავიწყებთ და იქნება გარკვეული დისკომფორტი მოსახლეობისთვის - კალაძე

​წელს ძალიან ბევრ მასშტაბურ პროექტს დავიწყებთ და იქნება გარკვეული დისკომფორტი მოსახლეობისთვის - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძემ თბილისის 2020 წლის ბიუჯეტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლევანდელი წელი დედაქალაქისთვის წარმატებული იქნება.

„2020 წელი იქნება განსაკუთრებული, მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული იქნება ჩვენი ქალაქისთვის. თუ გადავხედავთ ბიუჯეტს, არის ძალიან მნიშვნელოვანი ციფრი. როცა ჩვენ ოფიციალურად შევუდექით უფლებამოსილების განხორციელებას, მახსოვს, რამდენი იყო ბიუჯეტი – 2017 წელს დაახლოებით 800 მილიონი იყო, მანამდე გაცილებით უფრო დაბალი. 2019 წელს მოვახერხეთ და ბიუჯეტი 900 მილიონამდე გავზარდეთ. სხვათაშორის, ჩემი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, რომ მილიარდ ლარს გადააჭარბებდა ბიუჯეტი და გასულ წელს ასეც მოხდა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისი თქმით, წელს დაახლოებით 1 მილიარდ 245 მილიონი დაიხარჯება მხოლოდ ორ ძირითად მიმართულებაზე, ესენია ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვა.

„ასევე ამას დაემატება დაახლოებით 270 მილიონი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან მისაღები თანხა, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს მოწესრიგებული, ანუ მთლიანობაში, დედაქალაქის ბიუჯეტი დაახლოებით 1 მილიარდ 500 მილიონი ლარი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი პროექტის განხორციელება იგეგმება, მოსალოდნელია გარკვეული დისკომფორტი მოსახლეობისთვის.

„წელს ძალიან ბევრ მასშტაბურ პროექტს დავიწყებთ და იქნება გარკვეული დისკომფორტი მოსახლეობისთვის. მინდა, ამისთვის წინასწარ ბოდიში მოვიხადო, თუმცა სხვანაირად არ გამოდის სამუშაოების წარმოება“, – განაცხადა თბილისის მერმა

ამავე თემაზე