2020-01-14 17:55:48
საქართველოს მოქალაქემ იარაღის მუქარით ქართველი მესაზღვრე მძევლად აიყვანა - შსს

შსს-მ დავით გარეჯთან დააკავა საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით ქართველი მესაზღვრე აიძულა, გადაადგილებულიყვნენ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის მიმართულებით.

შსს-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ გ.ი. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დააკავეს. 

"მიმდინარე წლის 14 იანვარს, საქართველოს მოქალაქე - გ.ი. იმყოფებოდა სასაზღვრო ზონაში. მან, ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით, ქართველი მესაზღვრე აიძულა, გადაადგილებულიყვნენ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის მიმართულებით. ინციდენტის განმავლობაში გ.ი.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ გაისროლა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების ოპერატიული და ეფექტიანი მუშაობის შედეგად, სიტუაცია დროულად განიმუხტა. ამ დროისთვის ინციდენტი სრულად ამოწურულია.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ი" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ეფექტიანი თანამშრომლობისთვის აზერბაიჯანელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა," - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. 

ამავე თემაზე