2020-01-14 16:14:00
გენერალურ პროკურატურას მოვუწოდებთ, კლუბ "ბასიანთან" მომხდარი დანაშაულის კვალიფიკაციას გადახედოს - კახიძე

კლუბ "ბასიანზე" მომხდარი სროლის საქმეს "ევროპული საქართველო" ეხმაურება. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ საქმის გადაკვალიფიცირება არ უნდა მომხდარიყო და პროკურატურას მოუწოდებენ, მუხლი შეცვალოს, რადგან ბრალდებულმა 3 პირს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება განზრახ მიაყენა. პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის განცხადებით, როდესაც მძიმე დანაშაულის მიმართ გენერალური პროკურატურის დამოკიდებულება არის შემწყნარებლური, ეს მსგავსი დანაშაულებების ჩადენის რისკს კიდევ უფრო ზრდის.

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ამ მძიმე დანაშაულზე დაიწყო გამოძიება არა იმ კვალიფიკაციით, რომელსაც ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა, ეს არის მკვლელობის მცდელობა არაერთი პირის მიმართ, არამედ განზრახ მძიმე დაზიანება, რაც არის უფრო მსუბუქი მუხლი და საქართველოს გენერალური პროკურატურა ამით გზავნილს აწვდის საზოგადოებას, რომ ამგვარი უმძიმესი დანაშაულების მიმართ პოლიტიკა არის ლოიალური, რაც არის მიუღებელი და დაუშვებელი. ჩვენ, "ევროპული საქართველო" მოვუწოდებთ გენერალურ პროკურატურას, რომ გადახედოს აღნიშნული დანაშაულის კვალიფიკაციას, ვინაიდან ყოველი ასეთი ქმედება, როცა გენერალური პროკურატურის დამოკიდებულება მძიმე დანაშაულის მიმართ არის შემწყნარებლური, კიდევ უფრო ზრდის მსგავსი დანაშაულების ჩადენის რისკს. კიდევ უფრო დაუცველად ამყოფებს საზოგადოებას", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ამავე თემაზე