2020-01-10 14:57:32
საქმე გვაქვს მძიმე, უკონტროლო სიტუაციასთან, გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს - ირაკლი სესიაშვილი სოხუმში განვითარებულ მოვლენებზე

საქართველოს ხელისუფლება სოხუმში განვითარებულ პროცესებზე საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს პასუხიმგებლობას. ოფიციალური თბილისისთვის ამ პროცესში მთავარი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებაა. თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის  თქმით, ხელისუფლება ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და ყველას ინტერესია, რომ ესკალაცია არ მოხდეს. 

„აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიტუაციის ესკალაცია არ მოხდეს, თუმცა არსებული ვითარების ანალიზი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ რუსეთი იქ სიტუაციას ვერ აკონტროლებს. ის მხოლოდ ე.წ. საკუთარ ინტერესებს აკონტროლებს აფხაზეთში. მკაფიოდ ჩანს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ოკუპაციასთან, მძიმე უკონტროლო სიტუაცისთან, თუმცა ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს, რომ აფხაზეთში ვითარება იყოს მშვიდი, ვინაიდან იქ ჩვენი თანამოქალაქეები არიან. საჭიროების შემთხვევაში, გამოვიყენებთ ყველა ჩვენ ხელთ არსებულ ბერკეტს იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოება ჩაერთოს,"- განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მომხრეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში გუშინ შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები რაულ ხაჯიმბას გადადგომასა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებას ითხოვენ.  

ამავე თემაზე