2020-01-09 15:06:51
ჩვენ ამ დავას გავაგრძელებთ საერთაშორისო სასამართლოში, გამოვააშკარავებთ ყველა იმ თანამდებობის პირის და პოლიტიკოსის ქმედებას, რომელიც ებრძოდა ანაკლიის პროექტს - ხაზარაძე

ჩვენ ამ დავას გავაგრძელებთ საერთაშორისო სასამართლოში. არ დავუთმობთ არცერთ ნაბიჯს და გამოვააშკარავებთ ყველა იმ თანამდებობის პირის და პოლიტიკოსის ქმედებას, რომელიც მიზანმიმართულად ებრძოდა ანაკლიის პროექტს, - ასე ეხმაურება, პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულება გაწყვიტა.

ხაზარაძე ასევე აცხადებს რომ, ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლაში მონაწილეობას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი იღებდნენ. მისივე განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლის გეგმაში კიდევ სხვა ადამიანებიც მონაწილეობდნენ, რომელთა ვინაობას საერთაშორისო სასამართლო დავაში გაამხელს. 

„ტყუილია, რომ კონსორციუმი არ ასრულებდა ვალდებულებებს. დღესაც კი არსებობს ინვესტორი და ყველა ის მოთხოვნა, რომელიც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შესრულებული იყო. სახელმწიფომ ამ ე.წ. გადავადებებით თვალი აუხვია საზოგადოებას და პარალელურად გააგრძელა დესტრუქტციული ნაბიჯები, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ამ პროექტის განხორციელებას. ყველა ამ საკითხზე იქნება საკმაოდ სერიოზული დავა. არსებობს უზარმაზარი ტომები ჩვენი მთავრობის წევრების ქმედებებისა, რომლებიც ანაკლიის პროექტზე ორკესტრირებულ შეტევას ახორციელებდნენ.

ეს არის ის უუნარო მთავრობა, რომელმაც ზამთრის კურორტების სეზონი ჩააგდო. მათ იმის უნარიც კი არ აქვთ, რომ წყლის პრობლემა გადაწყვიტონ. შესაბამისად, როგორ შეიძლება ისინი გვესაუბრონ ასეთი დიდი პროექტის ან გაჩერებაზე, ან ახალი ტენდერის გამოცხადებაზე?! ქართველი ხალხის, საზოგადოების ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ გავუწყვიტოთ ხელშეკრულება ისევე, როგორც დღეს გაუწყვიტეს მათ ინვესტორებს. 75 მილიონი დოლარის ინვესტიციაა ჩადებული ამ პროექტში,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

ამავე თემაზე