2020-01-08 10:39:10
სარაკეტო იერიშების საპასუხოდ, დონალდ ტრამპი თავდასხმის ვარიანტს განიხილავს - Fox News

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერაყში აშშ-ს სამხედრო ბაზებზე თავდასხმების საპასუხოდ, სარაკეტო იერიშების განხორციელების ვარიანტს განიხილავს,-ინფორმაციას ტელეარხი Fox News-ი ავრცელებს.

მანამდე, თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა სტეფანი გრიშემმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თავის გუნდს შეხვდა.

მედიის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი.

მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დონალდ ტრამპის მოქალაქეებისადმი მიმართვა გადადებულიყო, რომელიც ადრე დაიგეგმა.

როგორც დამკვირვებლები აღნიშნავენ, შესაძლოა ეს იმითაა გამოწვეული, რომ თეთრ სახლს საპასუხო მოქმედების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

როგორც ირანული საინფორმაციო სააგენტო FARS იტყობინება, ირანმა აშშ გააფრთხილა, რომ თუ ვაშინგტონი აშშ-ს სამხედრო ბაზებზე სარაკეტო შეტევების საპასუხოდ რაიმე ქმედებას განახორციელებს, მაშინ “კიდევ უფრო მტკივნეული და დესტრუქციული შეტევა განხორციელდება”.

ისლამურმა რევოლუციურმა კორპუსმა (IRGC) ოთხშაბათს, ღამით აღნიშნა, რომ ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო იერიშები განხორციელდა, სახელწოდებით “მოწამე სულეიმანი”, რაც ერაყში სამხედრო მეთაურის კასემ სულეიმანის ლიკვიდაციის საპასუხოდ მოხდა.

პენტაგონის ხელმძღვანელის თანაშემწემ ჯონათან ჰოფმანმა დაადასტურა, რომ ირანმა ოთხშაბათს, ღამით  ერაყში აშშ-ს სამხედრო ბაზებზე სარაკეტო იერიშები განახორციელა.

მან აღნიშნა, რომ  ადგილობრივი დროით, 17:30 საათზე ირანმა აშშ-ს სამხედრო ბაზებსა და ერაყში მდებარე კოალიციის მისამართით 10-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

”ნათელია, რომ რაკეტების გაშვება ირანიდან განხორციელდა”, – დასძინა ჰოფმანმა.

მისი თქმით, თავდასხმები ალა-ასადსა და ერბილში მდებარე ბაზებზე მოხდა, სადაც აშშ-ს საჰაერო ძალები და კოალიციის თანამშრომლები არიან განთავსებული.

 

 

"აიპრესი"

ამავე თემაზე