2020-01-03 19:02:09
ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერება არის სასჯელი ხაზარაძის და ჯაფარიძის მიმართ - გიგა ბედინეიშვილი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შეჩერება ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ სასჯელია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „TV პირველს“ ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის არსებული ურთიერთობის შეფასებისას განუცხადა. მისი თქმით, ის ნელ-ნელა იხრება იმ პოზიციისკენ, რომ რუსეთის დაკვეთით პროექტის წინააღმდეგ  ხელისუფლების მიერ ორგანიზებული შეტევა მიმდინარეობს.

"ვფიქრობ, რომ პროექტის ჩაშლის საფრთხე საკმაოდ მაღალია, რადგან იმ ფონზე, როცა მთავრობა სრულ მხარდაჭერას უნდა იჩენდეს მსგავსი პროექტის მიმართ, ამის ნაცვლად, უკვე წელიწადნახევარია გვაქვს ნეგატიური რიტორიკა მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან. ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით მაინცდამაინც ოპტიმისტურად განწყობილი არ ვარ. რატომ დუმს მთავრობა?! ალბათ იმიტომ, რომ თავადაც ხვდებიან, რომ პოლიტიკურად ძალიან არაპოპულარული იქნება ამ ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტის შეჩერება. ჩვენ ყველამ ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება და ასევე კარგად ვიცით, ვინ არის სინამდვილეში დამნაშავე იმაში, რომ ეს პროექტი არ ხორციელდება - სინამდვილეში ეს არის მთავრობა, რომელიც ვითომ რაღაცა ვადებს აძლევს კონსორციუმს და მეორე მხრივ, მხარს არ უჭერს მას - ეს არის ვირეშმაკული პოზიცია, რომლითაც სინამდვილეში ვერავის ატყუებს. ხალხი კარგად ხედავს, რომ მთავრობა კონკრეტულად ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ არის ნეგატიურად განწყობილი, რადგან მათ პოლიტიკური ამბიციები დააფიქსირეს და ამ პროექტის შეჩერება არის სასჯელი ხაზარაძის და ჯაფარიძის მიმართ“, - განაცხადა ბედინეიშვილმა.

 

ამავე თემაზე