2019-12-26 12:10:37
მოვითხოვთ, კულტურის სფერო გამოეყოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და განხორციელდეს სისტემური, შედეგზე ორიენტირებული რეფორმები - დეა მეტრეველი 

მოვითხოვთ, კულტურის სფერო გამოეყოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და განხორციელდეს სისტემური, შედეგზე ორიენტირებული რეფორმები - პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა დეა მეტრეველმა, ხელისუფლების არაგონივრული გადაწყვეტილების შედეგად გაერთიანებულ კულტურის, სპორტისა და განათლების სამინისტროსა და სისტემაში არსებულ ხარვეზებზე პრესკონფერენცია გამართა. "ლელო საქართველოსთვის" მოითხოვს, კულტურის სფერო გამოეყოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და განხორციელდეს სისტემური, შედეგზე ორიენტირებული რეფორმები.

‘’,,ლელო საქართველოსთვის’’ მოვითხოვთ, კულტურის სფერო გამოეყოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და განხორციელდეს სისტემური, შედეგზე ორიენტირებული რეფორმები. ყურად საღებია განცხადება, რომელიც გუშინ კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა გაავრცელეს. განცხადებიდან ნათლად ჩანს, რომ ამ სფეროში დაგროვილი პრობლემების გადაწყვეტას სამინისტრო ვერ ახერხებს და მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ყურადღება სჭირდება.

2018 წელს, გაუაზრებელმა და ფაქტობრივად, ჩავარდნილმა რეფორმამ, რომელიც „მცირე მთავრობის“ კონცეფციის ფარგლებში კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ნაჩქარევად შეერთებით დასრულდა, საგრძნობლად დააზარალა კულტურის და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციები, შეაფერხა მნიშვნელოვანი პროექტები.

სამინისტროების გაერთიანებამ გამოიწვია არათუ ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და სახსრების დარგობრივ პროგრამებზე გადანაწილება, არამედ, ე.წ. ოპტიმიზაციის სახელით, სისტემაში საკადრო წმენდა, პროფესიონალი კადრების გაშვება და, რიგ შემთხვევებში, ადმინისტრაციული ხარჯების ზრდაც. გართულდა კომუნიკაცია სისტემაში შემავალ ორგანიზაციებთან, რაც აისახება მათი საქმიანობის ეფექტიანობაზე. სამინისტრო გაუქმდა და ქაღალდზე დარჩა საქართველოს სახელმწიფო კულტურის პოლიტიკის დოკუმენტი „კულტურის სტრატეგია 2025“, რომელიც საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის N 303 დადგენილებით დამტკიცდა. შესაბამისად, შეუსრულებელია ვალდებულებები და ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციები.

არსებულმა ვითარებამ საფრთხის ქვეშ დააყენა საერთაშორისო ვალდებულებების ვადების დაცვით შესრულება. საუბარია პროექტებზე, რომლებიც მთავრობის მიერ დაანონსდა, თუმცა მათ მომზადებაზე არ დაწყებულა შესაბამისი სამუშაოები. ეს ყოველივე კი ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე მკვეთრად ნეგატიურად აისახება. ამავე დროს, ამ მნიშვნელობის პროექტების დაჩქარებულად, ფორსმაჟორულ გარემოებებში მომზადება აისახება როგორც პროექტების ხარისხზე, ასევე თანხების არაეფექტურ ხარჯვაზე. (2022 წელს, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე - „ევროპალია“ საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენადა ასევე პარიზის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი.)

მთავრობის პიარის ნაწილი აღმოჩნდა 2019 წლის 5 აგვისტოს საქართველოს მთავრობის დადგენილება N364-ით შექმნილი სსიპ კულტურის განვითარების ფონდი, რომელიც სსიპ შემოქმედებითი საქართველოს უფლება მონაცვლე უნდა ყოფილიყო და 2020 წლიდან 50 მილიონამდე ლარის ბიუჯეტი დამტკიცებოდა. სამწუხაროდ, ბიუჯეტის დოკუმენტში არ იძებნება მსგავსი სახელწოდების არც ორგანიზაცია და არც 50 მილიონი ლარის სახსრები. სსიპ შემოქმდებითი საქართველოს რეორგანიზაცია და ახალი ფონდის ჩამოყალიბება არც კი დასრულებულა. სსიპ შემოქმედებითი საქართველოსთვის 2020 წლის ბიუჯეტში დამატებით განსაზღვრულია მხოლოდ 20 მლნ ლარი და ისიც ,,ჩეკინ ჯორჯიას’’ პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც არანაირ კავშირში არ არის ქვეყანაში კუტურისა და შემოქმედებითი პროცესების განვითარებასთან და პირდაპირაა დაკავშირებული კონკრეტული პირების პირად ინტერესებთან. საგულისხმოა, რომ 2019 წლის ოქტომბერში არარსებულ „ფონდს“ მიენიჭა გრანტების გაცემის უფლება მთავრობის შესაბამისი დადგენილებით. გრანტების გაცემის უფლების მინიჭება, ერთი შეხედვით, შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობის უფრო მოქნილ მოდელს გულისხმობს, თუმცა, ამ პროცესის უკან ცალსახად იკვეთება წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისთვის რიგი ორგანიზაციების და მათი ფინანსური რესურსების გამოყენების საფრთხე.

საგანგაშოა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია ქართული კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობის არანაირი ხედვა. არ არსებობს არანაირი სტრატეგია ამ სფეროს და მასში დასაქმებული ადამიანების შესაძლებლობების განვითარებისთვის. და ეს მაშინ, როდესაც ქართული კულტურა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური პოზიციონირების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია." - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დეა მეტრეველმა.

ამავე თემაზე