2019-12-19 11:05:39
შემოწირულობები: "ოცნებამ" - 6,186,166, "ლელომ" - 310,000, "ევროპულმა საქართველომ" კი 280,506 ლარი მიიღო

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური მონიტორინგის სამსახურის სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში პოლიტიკური შემოწირულობის სახით ოფიციალურად (დეკლარირებულად) სულ 7,331,024 ლარი გაიცა. ამ თანხის 84.4% მმართველმა პარტიამ - "ქართულმა ოცნებამ" მიიღო, რომელსაც თანხა 200-ზე მეტმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა შესწირა. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, შემოწირულობებში მეორე ადგილზე საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოა", რომელსაც 310,000 ლარი შესწირეს. საზოგადოებრივ მოძრაობას სულ 6-მა ფიზიკურმა პირმა შესწირა თანხა.

შემოწირულობების მხრივ მესამე ადგილზე "ევროპული საქართველოა", რომელსაც 178-მა პირმა, ჯამში, 280,506 ლარი ჩაურიცხეს. პარტიის შემომწირველთა შორის დეპუტატები ოთარ კახიძე, გიორგი ტუღუში, ხათუნა გოგორიშვილი, ლელა ქებურია, ირაკლი აბესაძე და სხვა პარლამენტარები არიან. 

შემოწირულობების მხრივ, მეოთხე ადგილზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა"; მას 75-მა პირმა 264,542 ლარი ჩაურიცხა.

ამავე თემაზე