2019-12-13 16:33:57
“პოლიციის განყოფილებაში მოზარდის დედას პრეტენზია არ ჰქონია” - შსს განმარტება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუმარტეს 15 წლის მოზარდის საქმის გარემოებები, რომლის ოჯახის თქმითაც, მან თვითმკვლელობა პოლიციელთა მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო სცადა.

უწყებაში ამბობენ, რომ 10 დეკემბერს “112-ზე” განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე. კერძოდ, თბილისში, „მწვანე სკოლის“ შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე, რომელზეც შეტყობინება “112-ში” სკოლის უსაფრთხოების მენეჯერმა გააკეთა.

შსს-ის თქმით, “მწვანე სკოლაში” მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები. სკოლის უსაფრთხოების მენეჯერი, ასევე, ამავე სკოლის მოსწავლე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა:

“მეორე დღეს, 11 დეკემბერს, არასრულწლოვანი, დამატებითი გამოკითხვის მიზნით, მშობლის ინიციატივთ, მშობელთან ერთად, მშობლის ინიციტივით, კვლავ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, თუმცა მოზრდმა უარი განაცხადა გამოკითხვაზე და დაახლოებით 40 წუთის შემდეგ მშობელთან ერთად დატოვა პოლიციის განყოფილება. მშობლის გარეშე არასრულწლოვანის გამოკითხვა არც პირველ და არც მეორე დღეს არ მომხდარა” – ახადებენ უწყებაში.

“ნეტგაზეთის” დამაზუსტებელ კითხვაზე, დარჩა თუ არა არსრულწლოვანი პოლიციელებთან მშობლის მეთვალყურეობის გარეშე, თუნდაც არა გამოკითხვისას, არამედ არაფორლმალურ გარემოში, უწყებაში იმეორებენ, რომ მისი გამოკითხვა მშობლის თანხლების გარეშე არ მომხდარა და აცხადებენ, რომ მოზარდის დედას პოლიციის განყოფილებაში პოლიციელების მიმართ პრეტენზია არ გამოუხატავს.

მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით 11 დეკემბერს დიდუბე ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო. ეს იგივე განყოფილებაა, რომელშიც მოზარდი თავდაპირველად, სკოლის კედლების მოხატვის საქმეზე გამოიკითხა.

როგორც შსს-ში განმარტავენ, გენერალურ ინსპექციაში შეტყობინება 12 დეკემბერს შევიდა და პოლიციის თანამშრომელი ზეწოლაში დაადანაშაულეს:

“აღნიშნული შეტყობინება გენერალურმა ინსპექციამ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს გადასცა. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება” – ამბობენ შსს-ში.

15 წლის მოზარდის ძმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ მის არასრულწლოვან ძმას პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და აიძულებდნენ დანაშაულის აღიარებას. არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სწორედ ამ ფსიქოლოგიური ძალადობის შემდეგ სცადა.

ამავე თემაზე