2019-12-13 15:58:05
დედაჩემის თვალწინ ემუქრებოდნენ ჩემთვის პრობლემების შექმნით - კომაში მყოფი მოზარდის ძმა

დედაჩემის თვალწინ ემუქრებოდნენ ჩემთვის პრობლემების შექმნით - 15 წლის მოზარდის ძმა, რომელმაც თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის შემდეგ სცადა, აცხადებს, რომ მის არასრულწლოვან ძმას პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ. მოზარდი ამ დროისთვის იაშვილის კლინიკაში, უმძიმეს მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

“მე დედაჩემისგან ვიცი ეს დეტალები. დედაჩემი ესწრებოდა გამოკითხვას, თუმცა რაღაც მომენტში რამდენიმე წუთით გაყვანილი ჰყავდათ მარტო. როგორც ვიცი, ზეწოლის გარკვეულ მომენტებს შეესწრო. დედაჩემის თვალწინ ემუქრებოდნენ ჩემთვის პრობლემების შექმნით. მე ვსწავლობ სამხედრო აკადემიაში, ეუბნებოდნენ შენს ძმას შევუქმნით პრობლემებს, ალბათ უთხრეს გამოვაგდებინებთო, არ მახსოვს ზუსტად რა სიტყვა იხმარეს”, – ამბობს ბექა “ნეტგაზეთთან”.

მისი თქმით, რამდენადაც მისთვისაა ცნობილი, მოზარდზე პოლიციაში ფიზიკურად არ უძალადიათ, თუმცა დაკითხვიდან არასრულწლოვანი ატირებული გამოვიდა და აღიარებითი ჩვენებაც მისცა, რომელიც მეორე დღეს უარყო:

“ფიზიკურ ძალადობას, როგორც ვიცი, არ ჰქონია ადგილი. როდესაც ჩემი ძმა მარტო ჰყავდათ და ატირებული გამოვიდა, დედაჩემმა ჰკითხა ხომ არ დაურტყამთ, როგორც ვიცი, უარყო.

მე ვიყავი გორში. ჩამოვედი მაშინ, როცა დააწვინეს საავადმყოფოში. ამ შემთხვევამდე მხოლოდ ტელეფონით ვესაუბრე. თავისთავად, როცა პოლიციიდან გამოვიდა, ატირებული და შეწუხებული იყო. პირველ დღეს აღიარა, მეორე დღეს კი უარყო ყველაფერი”, – ამბობს არასრულწლოვნის ძმა “ნეტგაზეთთან”.

ბექას თქმით, მის ძმას პოლიცია სკოლის შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა.

“ნეტგაზეთი” არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს დაუკავშირდა. კლინიკაში ამბობენ, რომ მოზარდი დაწესებულებაში გუშინ შეიყვანეს და მისი მდგომარეობა უმძიმესია. არასრულწლოვანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობა, ასევე თავის ტრავმა.

საიას ინფორმაციით, 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც მასზე პოლიციის განყოფილებაში დაკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადეს.

ამავე თემაზე