2019-12-13 12:03:09
ენძელა მაჭავარიანი პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე ობიექტურ გამოძიებას ითხოვს   

ყველა გამოძიება ობიექტური უნდა იყოს და ეს ვინმეს მკაცრად მოეჩვენება თუ რბილად, არ ვიცი. ასეთი რამის გატარება და ასეთი რამის გაკეთება მგონია, რომ არ შეიძლება - ასე ეხმიანება გუშინ, პარლამენტში გავრცელებულ სუნთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს  უმრავლესობის  დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი. 

დეპუტატის თქმით, ასეთი რამის გაკეთება შეუსაბამოა ადამიანური საქციელისთვის.

„მიმაჩნია, რომ ყველა გამოძიება ობიექტური უნდა იყოს და ეს ვინმეს მკაცრად მოეჩვენება თუ რბილად, არ ვიცი. ასეთი რამის გატარება და ასეთი რამის გაკეთება მგონია, რომ არ შეიძლება, შეუსაბამოა ადამიანური საქციელისთვის. მე შეუძლოდ ვიყავი, მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ძალიან ცუდად იყვნენ და მათი მდგომარეობიდან გამოყვანას დიდი დრო დასჭირდა. გამოძიება სწორედ იმიტომ უნდა იყოს ობიექტური, რომ დავადგინოთ, რა ნივთიერება იყო ეს. შეიძლება ნივთიერება ყველასთვის არ იყოს ტოქსიკური, მაგრამ მე ენდოტრაქიაკური ალერგიის მატარებელი ვარ და სუნებზე მაქვს ალერგია. ჩვენ ვმუშაობდით გარკვეულ გარემოში. ზოგი ასთმის მატარებელია, ზოგს სხვა პრობლემა აქვს და იმ გარემოს შეცვლა ადამიანებისთვის არის ძალიან რთული. ამიტომ ამ ქმედებას არ ვიცი რა ვუწოდო. არ მინდა, რომ რაღაც შეფასებები გავაკეთო,"- აცხადებს ენძელა მაჭავარიანი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პლენარული სხდომის მიმდინარეობისას დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის გამო, სხდომა რამდენიმე საათით შეწყდა. დარბაზში ევაკუაცია გამოცხადდა და შიგნით ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. გაურკვეველი ნივთიერების გამო, ოთხი პირი, მათ შორის ორი დეპუტატი შეუძლოდ გახდა. გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამავე თემაზე