2019-12-11 16:47:47
მივმართავთ უმრავლესობას, გამოიყენოს ოპოზიციასთან მოლაპარაკების მექანიზმი მოსამართლეების კანდიდატურაზე შესათანხმებლად - კოალიცია

კოალიცია ,,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" უმრავლესობას მიმართავს, მოსამართლეების კანდიდატურების შესათანხმებლად ოპოზიციასთან მოლაპარაკებები აწარმოოს.  ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანდიდატთა ნაწილი ხშირ შემთხვევაში ელემენტარულ სამართლებრივ შეკითხვებსაც კი ვერ პასუხობდა. მათივე თქმით, ზოგიერთი კანდიდატის სამართლებრივი მსჯელობის უნარი იყო დაბალი, პასუხები კი - დაუსაბუთებელი.  

,,კანდიდატთა ნაწილი, ხშირ შემთხვევაში ვერ პასუხობდა ელემენტარულ სამართლებრივ შეკითხვებსაც კი. იშვიათი გამონაკლისების გარდა, კანდიდატების სამართლებრივი მსჯელობის უნარი იყო დაბალი, მათი პასუხები კი - დაუსაბუთებელი. ზოგიერთმა კანდიდატმა უარი განაცხადა კონკრეტული სუბიექტების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემაზე იყო დაუსაბუთებელი და გამოგონილი საფუძვლით შეკითხვებზე თავის არიდების შემთხვევებიც. მსგავსი დამოკიდებულება, არა მხოლოდ პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის, არამედ ზოგადად, პროცესის მიმართ უპატივცემულობის გამომხატველია და ცალსახად, უარყოფით შეფასებას იმსახურებს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ნომინირებისა და საკომიტეტო მოსმენების პროცესმა, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები. კანდიდატების უმრავლესობა არაადექვატურად აღიქვამს სამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს, ვერ ხედავს როგორც წარსულში ასევე აწმყოში სასამართლოში არსებულ პრობლემებს ან არ სურს ისაუბროს ამ პრობლემებზე; პრეტენდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი ღიად უჭერს მხარს სასამართლოში არსებულ კლანს, ერიდება განსხავებული აზრის დაფიქსირებას, რაც მათ შინაგან თავისუფლებაზე, ღირებულებებზე და მორალურ სიმტკიცეზე დადებითად არ მეტყველებს. უზენაესი სასამართლო ქვეყანაში სამართლებრივ პოლიტიკას წარმართავს, ერთგვაროვან პრაქტიკას ამკვიდრებს და დარღვეულ უფლებას ბოლო ინსტანციით იცავს. სწორედ ამიტომ, მის წევრებს მოეთხოვებათ, სამართლებრივი აზროვნების და პიროვნული შეუვალობის მაღალი დონე, რასაც კანდიდატთა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს.

კოალიცია მიიჩნევს, რომ არაკომპეტენტური და არაკეთილსინდისიერი კანდიდატების დანიშვნა, აზრს დაუკარგავს საქართველოს პარლამენტში წარმართულ ღია, გამჭვირვალე, კონსტრუქციულ პროცესს, დიდი ხნით დაასამარებს სასამართლოს გაჯანსაღებისა და საზოგადოებრივი ნდობის დაბრუნების შანსს. მოვუწოდებთ კანონმდებლებს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად არ შეავსოს ვაკანტური თანამდებობები სრულად და მოსამართლეთა მხოლოდ ის მინიმალური ოდენობა დანიშნოს, რომელიც აუცილებელია უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის. ამავდროულად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე კანდიდატის უვადოდ არჩევის გადაწყვეტილების მიღებისას კარგად გააცნობიერონ მათზე დაკისრებული უდიდესი პასუხისმგებლობა და მხედველობაში მიიღონ საკომიტეტო მოსმენებზე კანდიდატის მიერ წარმოჩენილი ცოდნა, სამოსამართლო ღირებულებების ერთგულება და მათი უნარ-ჩვევები. მივმართავთ უმრავლესობას, გამოიყენოს ოპოზიციასთან მოლაპარაკების მექანიზმი მოსამართლეების კანდიდატურაზე შესათანხმებლად და დამოუკიდებლად არ განაწესოს ისინი საკასაციო სასამართლოში"- აღნიშნულია განცხადებაში.  

ამავე თემაზე