2019-12-11 16:42:42
“გაბედეს” აქტივისტებმა ქუთაისში ნაძვის ხეზე “ოცნების” ლიდერების ფოტოების დაკიდება სცადეს

მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტებმა, ქუთაისის თეატრის წინ განთავსებულ ნაძვის ხეზე, პოლიტიკოსების სურათებით გაკეთებული სიმბოლური სათამაშოების დაკიდება სცადეს, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.​

სამართალდამცავების თქმით, აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლის დარღვევაა, რაც ქალაქის იერსახის დამახინჯებას ითვალისწინებს.

“გაბედეს” წევრებს მესხიშვილის თეატრთან გამართულ პერფორმანსზე მიტანილი ჰქონდათ "ქართული ოცნების” წევრების გამოსახულებიანი სიმბოლური სათამაშოები, რითაც ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მორთვა უნდოდათ. 

“ესენი არის ბიძინას სათამაშოები, რომელსაც ბიძინა ათამაშებს, რასაც ის  ეუბნება, იმას ასრულებენ.  ჩვენ პირობას ვდებთ, რომ თუ არ მოგცემენ ნაძვის ხის მორთვის საშუალებას, ქალაქში მდებარე ყველა ბუჩქი “ბიძინას სათამაშოებით” მოირთვება” - ამბობს გაბედეს აქტივისტი მიხეილ გეგეშიძე.

პოლიციიის წარმომადგენლების თქმით, ადგილზე შეტყობინების საფუძველზე გამოცხადნენ.

 

წყარო:“ქუთაისი პოსტი”

ამავე თემაზე