2019-12-10 19:05:22
სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა „რუსთავი 2“-ის საქმეს არ გადახედავს

სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა „რუსთავი 2“-ის საქმეს არ გადახედავს - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა „რუსთავი 2“-ის საქმეს არ გადასინჯავს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„შესაბამისად, მომჩივნების ყველა პრეტენზიასთან მიმართებით საბოლოო გახდა აღნიშნულ საქმეზე 2019 წლის 18 ივლისს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც: დაუშვებლად ცნო „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნ. გვარამიას ყველა სასარჩელო მოთხოვნა; დაუშვებლად ცნო, როგორც დაუსაბუთებელი, „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეების – ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილისა და შპს „ტელეკომპანია საქართველო“-ს საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით; დაადგინა, რომ არ დარღვეულა მოცემულ საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლება (მოსამართლეების თ. ურთმელიძისა და მ. თოდუას ეპიზოდები); დაადგინა, რომ არ დარღვეულა მოცემულ საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლება (მოსამართლე ნ. გვენეტაძის ეპიზოდი); დაუშვებლად ცნო სამართლიანი სასამართლოს ნაწილში დანარჩენი პრეტენზიები; დაადგინა, რომ არ არსებობს საჩივრის განხილვის აუცილებლობა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის ჭრილში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს 9 დეკემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება და შესაბამისად, „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2019 წლის 18 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილება, ყველა მის ზემოჩამოთვლილ ნაწილში, არის საბოლოო.

სტრასბურგის სასამართლოს 5 მოსამართლისგან შემდგარმა კომიტეტმა განსახილველად არ მიიღო ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ყოფილი მესაკუთრეების – ლევან და გიორგი ყარამანიშვილების – საჩივარი, რომლითაც ისინი სტრასბურგის სასამართლოს პალატის მიერ 18 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას ითხოვდნენ.

ამავე თემაზე