2019-12-10 10:52:44
ყოველთვის ვცდილობდი, ქალაქიდან თავი დამეღწია და ბუნებასთან ახლოს ვყოფილიყავი - ივანიშვილი

ყოველთვის ვცდილობდი, ქალაქიდან თავი დამეღწია და ბუნებასთან ახლოს ვყოფილიყავი - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, ინტერნეტ ჟურნალ „ველურ ბუნებას“ ინტერვიუში საუბრისას გააკეთა. ივანიშვილის თქმით, თუ სათანადოდ არ მოვუვლით ჩვენს ბუნებას, ეს ჩვენ თუ არა, ჩვენს მომავალ თაობებს აუცილებლად დააზარალებს

„ზოგიერთებმა შეიძლება, ეს ჩამითვალოს პირად ახირებად, რადგან ხარჯები არ არის შედეგთან თანაფარდობაში, თუმცა ჩემი მიზანი მარტივია – ყველა ეს პარკი გადაეცემა სახელმწიფოს, რაც საშუალებას აძლევს მოსახლეობას და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ბუნებასთან სიახლოვე განიცადონ. ჩემთვის პირადად, ბუნება არის ენერგიის უმთავრესი წყარო. სადაც არ ვცხოვრობდი, ყოველთვის ვცდილობდი, ქალაქიდან თავი დამეღწია და ბუნებასთან ახლოს ვყოფილიყავი, რასაც მეტ-ნაკლებად ვახერხებდი. ამის შესაძლებლობა ყველა ჩვენთაგანს უნდა ჰქონდეს და ყოველი ამ პარკის შექმნითა და თანადგომით მე ზუსტად ამ შესაძლებლობების შექმნას ვცდილობ.

გიგანტური ხეების გადატანას მრავალი ეპითეტი მოუგონეს, თუმცა მინდა, გითხრათ, რომ მე ეს ხეები გადავარჩინე, რადგან უმეტესი მათგანი უკვე გადაშენების პირას არის. ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომელ ბატონ ზურაბ ბაგრატიონთან ერთად დავდიოდით და ხეებს სწორედ ამ კუთხით ვარჩევდით. შემიძლია გითხრათ, რომ მე ასი ათასობით ხე მაქვს დარგული, შეიძლება ამას ჩემი ჰობი დაარქვათ, მაგრამ ყველაფერში ნეგატივის დანახვა და ხალხისთვის სიცრუის ტირაჟირება ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. სამწუხაროდ, ზოგიერთი მედიის წარმომადგენლები ვირტუალურ რეალობაში ამყოფებენ ჩვენ მოსახლეობას, რათა ყველა მოვლენა მხოლოდ ნეგატიური კუთხით შუქდებოდეს“ ,- განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ბოლო დროს მთელ მსოფლიოში გახშირებული ბუნებრივი კატაკლიზმები ადამიანების დაუფიქრებელი ქმედებების შედეგია.

„თუ ჩვენ სათანადოდ არ მოვუვლით ჩვენს ბუნებას და გარემოს, სწორად არ ვიფიქრებთ მის დაცვაზე, აღდგენაზე და მხოლოდ ორიენტირებულები ვიქნებით ბუნებით სარგებლობაზე, ეს ჩვენ თუ არა, ჩვენს მომავალ თაობებს აუცილებლად დააზარალებს“ ,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალთან ინტერვიუში.

ამავე თემაზე