2019-12-09 19:12:24
ჩვენი მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადდა ტყეზე ზრუნვა - ივანიშვილი

ჩვენი მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადდა ტყეზე ზრუნვა - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, ჟურნალ wild life-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

”ჩვენი მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადდა ტყეზე ზრუნვა, თუმცა დიდი მიღწევებით ჩვენც ვერ დავიკვეხნით, რადგან ტყის ბარბაროსული ჭრა კვლავ მიმდინარეობს, მაგრამ გაძლიერებული კონტროლის გამო ხე-ტყის უკანონო ჭრის მასშტაბები შემცირებულია. რა თქმა უნდა ეს არ არის საკმარისი და ამაში ბატონი თემურიც (ტყემალაძე) დამეთანხმება, ჩემთვის ცნობილია მისი თავდადება ჭალის ტყეების გადასარჩენად, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მეტი ძალისხმევა არის საჭირო და ამისთვის არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, რომლიდანაც უმთავრესი არის ტყის სექტორის კომპლექსური რეფორმა, რაც შესაძლებელი გახდება ახალი სატყეო კოდექსის მიღებით, რომელსაც პარლამენტი იხილავს.

უფრო რომ განვაზოგადო ჩვენი დამოკიდებულება ტყისა და ზოგადად ბუნების მიმართ, ქართველები ვამაყობთ ჩვენი ისტორიითა და კულტურული მემკვიდრეობით, თუმცა ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს – ეს სწორედ ჩვენი ქვეყნის უნიკალური ბუნებაა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ბუნებისათვის ველურობის შენარჩუნების მიზეზი არა ჩვენი გარემოსდაცვითი მენტალიტეტია, არამედ ის, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბევრი მიმართულებით ჩამოვრჩით განვითარებას, მათ შორის ინდუსტრიულ განვითარებას და შესაბამისად „ვერ მოვასწარით“ მეტის გაფუჭება. უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში ვცდილობ მდინარეებისა და ზღვის სანაპიროს გასუფთავებას, თუმცა არსებული სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში ეს ვერაფრით მოვახერხე, რადგან მოსახლეობის პრიორიტეტები განსხვავებულია. შესაბამისად, მხოლოდ ეკონომიკის განვითარების, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და განათლების ამაღლებით არის შესაძლებელი გარემოს დაცვაზე ორიენტირებული საზოგადოების ჩამოყალიბება”,-ამბობს ივანიშვილი.

ამავე თემაზე