2019-12-09 15:15:47
ეკა ბესელია მოქალაქეებს მოუწოდებს, 11 დეკემბერს, პარლამენტთან შეიკრიბონ და მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის გამო, პროტესტი გამოხატონ

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მოქალაქეებს მოუწოდებს 11 დეკემბერს, დილიდან პარლამენტის შენობასთან გამოხატონ პროტესტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გამო. როგორც დეპუტატი აცხადებს, ხვალ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს უყრიან.

"მივმართავ ყველას, ვისთვისაც სულ ერთი არ არის საკუთარი და ქვეყნის მომავალი, ყველას, ვისთვისაც ღირებულია, როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, მე მინდა მოგიწოდოთ, 11 დეკემბერს, ოთხშაბათს, დილის 10-ის ნახევარზე მოხვიდეთ იმ ორგანოსთან, რომელიც საქართველოს მოქალაქეების წარმომადგენლობითი ორგანოა - პარლამენტთან. იქ და იმ დროს, სადაც უნდა გადაწყდეს ქვეყნის ბოლო ინსტანციის მოსამართლეების არჩევის საკითხი და ეს განსაზღვრავს, როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის მომავალი ბევრი წლის განმავლობაში. ეს განსაზღვრავს როგორი იქნება ხვალინდელი დღე, იქნებით თუ არა დაცული ძალადობისგან, უსამართლობისგან, იქნება თუ არა სამართლიანი საარჩევნო გარემო, იქნება თუ არა მედია და ბიზნესი თავისუფალი და თითოეული თქვენგანი იცხოვრებს თუ არ მშვიდად ამ ქვეყანაში. ზუსტად ერთი წლის წინ ამ სიის გამო, რომელიც ისევ დადგება კენჭისყრაზე პარლამენტში, დავტოვე თანამდებობა, მმართველი პარტია. თითქმის მარტომ გავუძელი პერსონალურ თუ პოლიტიკურ შეტევებს, გადავიტანე მორალური თავდასხმები, ეს უკავშირდებოდა ამ სიას, ამ პროცესს. მე მაშინ შევძელი შემეჩერებინა ეს სახიფათო პროცესი, მაგრამ დღეს მე ამას მარტო ვერ შევძლებ,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამავე თემაზე