2019-12-06 13:19:49
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის უთქვამს, ერთ-ერთ პირს უხეშად მიმართე და როგორც პოლიციელს არ გეკადრებაო-დეტალები წალენჯიხაში მომხდარი პოლიციელების საქმეზე

მამუკა ქარდავას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის უთქვამს, ერთ-ერთ პირს უხეშად მიმართე და როგორც პოლიციელს არ გეკადრებაო. ამას მოჰყვა დაპირისპირება- აცხადებს, წალენჯიხაში დაკავებული პოლიციელის, ბესიკ ფიფიას ადვოკატი.

ადვოკატი ბაჩუკი ყურაშვილი, სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირების მიზეზებზე „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტს ესაუბრა. ყურაშვილის თქმით, დაპირისპირება ფიფიას მიმართ კოლეგა პოლიციელის მიერ „შენიშვნის მიცემას“ მოჰყვა.

„მამუკა ქარდავას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის უთქვამს, ერთ-ერთ პირს უხეშად მიმართე და როგორც პოლიციელს არ გეკადრებაო. ამას მოჰყვა დაპირისპირება.

ყველანი გაოცებულები არიან, ისეთი კარგი თანამშრომელი და პიროვნება არის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. ის მკვლელობის მცდელობას უარყოფს და აცხადებს, რომ მამუკა ქარდავას მისამართით არ უსვრია და რომ არ იცოდა, თუ მანქანაში იჯდა“, - აცხადებს ყურაშვილი.

ამასთან, ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ბესიკ ფიფიასთვის სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვოს და როგორც განმარტავს, ინციდენტის დღეს, ბრალდებულმა სამედიცინო პროცედურა ჩაიტარა, რომელსაც ანესთეზია დასჭირდა.

„ანესთეზია, რომელიც ორგანიზმიდან 48 საათის განმავლობაში არ გადის, შესაძლოა, იწვევდეს უკუჩვენებებს, მათ შორის ქცევის კონტროლის დაკარგვას. გამომდინარე აქიდან, არ გამოვრიცხავ, რომ ექსპერტიზის ჩატარება ვითხოვოთ, რადგან შემთხვევა ბრალდებულის საავადმყოფოდან წასვლის შემდეგ 2 საათში მოხდა და შესაძლოა, სწორედ ანესთეზიას მოეხდინა გავლენა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ქცევაზე. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, შეეძლო თუ არა ანესთეზიას ბრალდებული სამართალდამცავის მოქმედებაზე კონტროლის დაკარგვა“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, წალენჯიხაში პოლიციელებს შორის დაპირისპირება ორი დღის წინ მოხდა. ერთ-ერთმა პოლიციელმა კოლეგა სამართალდამცავს ესროლა. ის იმავე დღეს დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ამავე თემაზე