2019-12-05 16:56:47
"ხანგოშვილი პასუხისმგებელი იყო თვითმკვლელი ტერორისტების მომზადებაზე" - რუსული მედია

ხანგოშვილი პასუხისმგებელი იყო თვითმკვლელი ტერორისტების მომზადებაზე - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალება "ინტერფაქსი"-ი ძალოვან უწყებებში მომუშავე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩეჩნეთის ყოფილი საველე მეთაური, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც აგვისტოში ბერლინში მოკლეს, ჩრდილოეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში ტერორისტულ დაჯგუფებებთან იყო კავშირში. წყარო ირწმუნება, რომ ხანგოშვილი ჩეჩნეთში საომარი მოქმედებების აქტიური მონაწილე არ ყოფილა, თუმცა ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტული თავდასხმების ორგანიზებით იყო დაკავებული. "ინტერფაქსი"-ის წყაროს თქმით, ხანგოშვილი პასუხისმგებელი იყო თვითმკვლელი ტერორისტების მომზადებაზე, რომელთა დანიშნულებაც მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში, სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ ტერაქტების მოწყობა იყო. 

"ინტერფაქსი"-ის სხვა წყარომ კი ადრე თქვა, რომ ხანგოშვილი დაკავშირებული იყო ასლან მოსჰადოვთან, შამილ ბასაევთან, დოკუ უმაროვთან და სხვა დაქირავებულ მებრძოლებთან. რუსული მედიის ინფორმაციით, ხანგოშვილი სავარაუდოდ, ასევე ხელმძღვანელობდა ჯგუფს, რომელიც ინგუშეთში 2003-2004 წლებში ტერორისტული აქტების მოსაწყობად შეიქმნა. 

ამავე თემაზე