2019-12-05 16:27:32
ჩვენი გზავნილი, რომელიც ვაშინგტონში მიგვაქვს - ოპოზიციის ლიდერები ვაშინგტონში მიემგზავრებიან

ოპოზიციის ლიდერები ვაშინგტონში მიემგზავრებიან. ოფიციალური ვიზიტი ხვალ იწყება. გეგმილია შეხვედრები კონგრესის წევრებთან, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. 

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიცია შეეცდება, რომ სტრატეგიული მოკავშირის ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკური კრიზისისგან დაღწევის პროცესში, კიდევ უფრო გააქტიურდეს.

"ჩვენი გზავნილი, რომელიც ვაშინგტონში მიგვაქვს, სწორედ  ქართველი ხალხის და იმ ადამიანების გზავნილია, ვისთან ერთადაც ჩვენ აქ ყოველდღე ვცდილობთ დავიცვათ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია," - განაცხადა სამადაშვილმა. 

"ევროპული საქართველოს" წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, პროპორციული არჩევნები ქვეყნის პოლიტიკური კრიზისისგან დასაღწევად აუცილებელია.ხოშტარია პოლიტპატიმრებზე საუბარსაც გეგმავს. 

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელთან ბრძოლაც მიდის სწორედ რუსთაველზე. ცხადია გვექნება საუბარი ხელისუფლების უპასუხისმგებლობაზე პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით და იმ მნიშვნელობაზე, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, პროპორციული არჩევნები პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად, ასევე ვისაუბრებთ პოლიტპატიმრებზე, გიორგი რურუაზე, ირაკლი ოქრუაშვილზე, გავრილოვის პატიმრებზე, ყველა სხვა პოლიტპატიმარზე, რომელიც გამოამწყვდია ხელისუფლებამ ციხეში," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.   

ამავე თემაზე