2019-12-04 17:06:24
სინოდმა გადაწყვიტა, მამა გიორგი არ უნდა იჯდეს ციხეში, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი შეიწყალებს - მეუფე ნიკოლოზი

სინოდმა გადაწყვიტა, მამა გიორგი არ უნდა იჯდეს ციხეში, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი შეიწყალებს - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა. როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, ის პრეზიდენტის პრეროგატივაში ვერ ჩაერევა.

„მე პრეზიდენტის პრეროგატივაში ვერ შევიჭრები, ვერც ვარაუდებს გამოვთქვამ. ის ვიცი, რომ მე თვითონ ბევრჯერ მიმიმართავს სხვადასხვა დროს სხვადასხვა პრეზიდენტისთვის შეწყალებაზე. ძალიან რთული პროცესია მაშინაც კი, როდესაც მარტივ საკითხებს ეხება, მაშინაც კი, როდესაც არ არის ასეთ მძიმე მკვლელობის ბრალდებით. მარტივ რაღაცაზე კი, პრეზიდენტის შეწყალება ძალიან ძნელი მისაღებია. მე არ ვიცი, როგორც ითქვა ეს პრეზიდენტისგან არა, არ მგონია ეს მამალაძის მიმართ იყოს ეს არა ნათქვამი. ეს იყოს საჩქაროდ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ნათქვამი არა. მე არ ვიცი რანაირად ხდება, შეწყალება საკმაოდ რთული თემაა, მე ერთი შემიძლია გითხრათ, არავითარი მოტივაცია ეკლესიაში არ გაგვაჩნია, რომ დეკანოზი მამალაძე იჯდეს ციხეში. სახელმწიფომ თვითონ გადაწყვიტოს. სინოდმა იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ მამა გიორგი არ უნდა იჯდეს ციხეში. მე დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი შეიწყალებს. ღმერთი დეტალებშია და ეშმაკიც დეტალებშია, სწორად ვილაპარაკოთ და ყველაფერი კარგად იქნება. დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ამავე თემაზე