2019-11-27 19:39:23
წყლის ჭავლების გამოყენება არც პროპორციული იყო და არც - აუცილებელი - Amnesty International

თბილისში საპროტესტო აქციების დაშლის დროს მთავრობამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. ამის შესახებ ორგანიზაცია Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.  ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ 18 და 26 ნოემბერს წყლის ჭავლის გამოყენების აუცილებლობა არ არსებობდა და შესაბამისმა ორგანოებმა ყველა ფაქტორი არ გაითვალისწინეს.

„წყლის ჭავლის გამოყენების ნებისმიერი გადაწყვეტილება კონტექსტსურ ფაქტორებს უნდა ითვალისწინებდეს, მაგალითად ისეთებს, როგორიცაა, ძალიან ცივი ამინდი, რამაც შეიძლება გაამძაფროს მის მიერ მიყენებული ზიანი“,- წერია განცხადებაში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ძალა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული, თუ არაძალადობრივი საშუალებები ეფექტური არ იქნება, ან თუ ადმინისტრაციული შენობების ბლოკირება ქრონიკულ ხასიათს ატარებს, 18 და 26 ნოემბერს კი ეს პროცესი მხოლოდ რამდენიმე საათს გრძლედებოდა.  

"არსებულ კონტექსში, დემონსტრაციები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის შესასვლელებს ბლოკავდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაიშალოს, თუკი ხელისუფლება შეძლებს წარმოადგინოს ამ დაშლის ცხადი საზოგადოებრივი საჭიროება და მხოლოდ მაშინ, როდესაც დემონსტრაციამ მნიშვნელოვანი დროის განმავლობაში არსებითი შეფერხება გამოიწვია.  18 და 26 ნოემბერს ამის საჭიროება არ არსებობდა, რადგან პარლამენტის შენობის შესასვლელები დემონსტრანტების მიერ მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში იყო პიკეტირებული.  წყლის ჭავლების გამოყენება არც პროპორციული იყო და არც - აუცილებელი. წყლის ჭავლი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოყენებული, როდესაც ის აბსოლუტურად აუცილებელია მაშინ, როდესაც მანიფესტანტების მხრიდან ძალადობა იმ მაჩვენებელს აღწევს, რომ სამართალდამცველებს არ შეუძლიათ, რომ ძალა მხოლოდ მათზე მიმართონ, ვინც უშუალონდ ჩართულია ძალადობრივ ქმედებაში. 

წყლის ჭავლის გამოყენებაზე ყოველი გადაწყვეტილების მიღების დროს სამართალდამცველებმა უნდა გაითვალისწინონ კონტექსტი, როგორიცაა მაგალითად, ძალიან ცივი ამინდი, რომელმაც შეიძლება, გაამძაფროს ის ზიანი, რასაც ჭავლი დემონსტრანტებს აყენებს,"- წერია Amnesty International-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ამავე თემაზე