2019-11-27 11:36:36
პარლამენტი 300 ათას ლარად 4 მსუბუქ ავტომობილს უტენდეროდ ყიდულობს

საქართველოს პარლამენტი ორი ერთეული ტოიოტა „ქემრის“ და ორი ერთეული შკოდა „ოქტავიას“ მარკის ავტომობილების შეძენას, 300 ათასი ლარის ფარგლებში, ტენდერის გარეშე გეგმავს.

„სატრანსპორტო მომსახურების გაწევა მსგავსი ტიპის ღონისძიებებზე უმეტესად ხორციელდება პარლამენტის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით, შიდა რესურსებით, თუმცა ხშირ შემთხვევაში და ზემოთხსენებული კონკრეტული ღონისძიების ფარგლებშიც მოწვეული დელეგაციების შემადგენლობაში არიან სხვადასხვა სახელმწიფოს პირველი პირები და უმაღლესი რანგის სტუმრები, რომელთა სატრანსპორტო მომსახურების გაწევისთვის პარლამენტის აპარატის მიერ ხორციელდება ისეთი რანგისა და კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების დაქირავება (რათა დაკმაყოფილებულ იქნეს მოწვეული სტუმრებისთვის დადგენილი საპროტოკოლო წესები), რომელსაც პარლამენტი შიდა რესურსებით ვერ უზრუნველყოფს შესაბამისი კატეგორიის მანქანის ბალანსზე არ არსებობის გამო, ან რამდენიმე სხვადასხვა დელეგაციის ერთ პერიოდში ვიზიტის შეუფერხებელი უზრუნველყოფის გამო“, – აღნიშნულია პარლამენტის მიერ შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ წერილში, რომლითაც გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს.

ამავე წერილში აღნიშნულია, რომ „პარლამენტის აპარატის ბალანსზე რიცხული ავტომანქანებიდან 4 ავტომანქანა გამოვიდა მწყობრიდან და მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება და ტექნიკურად გამართული მდგომარეობის შენარჩუნება დიდ და არაგონივრულ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამასთან აღნიშნულის აღმოფხვრის შემთხვევაში არც მათი შემდგომი ვარგისიანობის გარანტიები არსებობს. ზემოთხსენებული ავტომანქანების ტექნიკური მდგომარეობის გამო ვერ ხერხდება მოწვეული სტუმრების/დელეგაციების, როგორც თბილისის მასშტაბით, ისე ქალაქგარეთ ტრანსპორტირება და საჭირო ხდება დამატებით ავტოტრანსპორტის დაქირავება და დამატებითი არაგონივრული ხარჯების გაწევა“.

„4 ახალი ავტომანქანის შეძენა გამარტივებული შესყიდვით, განპირობებულია საპარლამენტო საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელებისათვის, დადგენილი ვადების სიმცირით, აგრეთვე ღონისძიებების გამართვის აქტუალურობით, სპეციფიკურობით და მისი მაღალი პოლიტიკური, საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შესყიდვის განხორციელებით არ იზრდება პარლამენტის აპარატის ბალანსზე ავტოპარკის ჯამური რაოდენობა, ვინაიდან დაგეგმილია მწყობრიდან გამოსული ზემოთხსენებული 4 ერთეული სატრანსპორტო საშუალების შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურულ ერთეულზე გადაცემა“, – აცხადებენ პარლამენტის აპარატში.

პარლამენტი გეგმავს ორი ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტოიოტა „ქემრის“ მარკის [ღირებულება – 58 500 დოლარის ექვივალენტი ლარში] და ასევე ორი ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შკოდა „ოქტავიას“ მარკის [ღირებულება – 37 400 ევროს ექვივალენტი ლარში] შეძენას.

„…კონსოლიდირებულ ტენდერში ავტომანქანისთვის მოთხოვნილი კლასიფიკაცია, კომპლექტაცია და ოფციები ვერ აკმაყოფილებს საქართველოს პარლამენტში მოწვეული უცხოური დელეგაციებისათვის დადგენილ საპროტოკოლო მოთხოვნებს. შესაბამისად სახეზეა შეზღუდული ვადები და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის პროცედურების განხორციელება ტენდერის საშუალებით გამოიწვევს საპარლამენტო საქმიანობის არსებით შეფერხებას და საფრთხის ქვეშ დააყენებს სხვადასხვა ღონისძიებების დადგენილ ვადებში განხორციელებას“, – აცხადებს პარლამენტის აპარატი.

პარალელურად, საქართველოს პარლამენტის აპარატს, 2019 წლის განმავლობაში ავტომანქანების დაქირავებაზე, 47 650-ლარიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული შპს „ვი თი ჯგუფთან“.

„პარლამენტის აპარატის მიერ ელექტრონული ტენდერის გზით დაქირავებული ავტომობილებისთვის სატენდერო პირობების შესაბამისად გათვალისწინებულია კონკრეტული რეისები და კონკრეტული მიმართულებები, თუმცა რიგი ღონისძიებების ჩატარებისას ხშირია დელეგაციების მიმდინარეობის ფარგლებში წინასწარ დადგენილ/დამტკიცებულ გეგმაში ცვლილებები, რაც ელექტრონული ტენდერის გზით მანქანების დაქირავების შემთხვევაში იწვევს დისკომფორტს, საჭიროებს დამატებითი შეთანხმებების შეტანას, ხელშეკრულების პირობების შეცვლას და ა.შ. ასევე დაქირავებული სატრანსპორტო საშუალების შემოწმება უსაფრთხოების კუთხით გაცილებით დიდ რისკებთან და დროსთანაა დაკავშირებული, რაც იწვევს მომსახურების სრულფასოვნად მიღების შეფერხებას, შესაბამისად, მსგავსი ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარებისთვის ყველაზე მოქნილი და უსაფრთხოა საკუთარი შიდა რესურსებით სატრანსპორტო მომსახურების გაწევა“, – აცხადებს პარლამენტის აპარატი.

 

 

 

 

 

ნეტგაზეთი

ამავე თემაზე