2019-11-19 13:33:42
ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციის ოთხ ანტიკვარულ ჭაღში - ჯამში 133 410 აშშ დოლარი დაიხარჯა

ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციის ოთხ ანტიკვარულ ჭაღში - ჯამში 133 410 აშშ დოლარი დაიხარჯა - ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ მომზადებულ კვლევაში.

საქართველოს პრეზიდენტის  რეზიდენციის კეთილმოწყობისათვის ძვირადღირებული  ანტიკვარული და თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებების და სხვა ინტერიერის აქსესუარების შესყიდვა განხორციელდა სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, შესაბამისი ბაზრის დაჩქარებული შესწავლა/ექსპერტიზის  და კონკურენციის არ არსებობის პირობებში.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში შექმნილი სარეზერვო ფონდები გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად გამოიყენება. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობისათვის თანხის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფა, მისი შინაარსიდან გამომდინარე, აჩენს კითხვებს რამდენად შეესაბამება ეს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდის განკარგვის პრინციპებს.   კერძოდ, პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობა, წარმოადგენს იმ ტიპის ხარჯებს, რომლის გათვალისწინებაც შესაძლებელია ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში და ნაკლებად არის განპირობებული ფორს-მაჟორული ან გაუთვალისწინებელი სიტუაციიდან. 

აღნიშნული ინფორმაციის გაანალიზების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი მიგნებები:

- საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის, ადმინისტრაციის მიერ შერჩეული ანტიკვარული და თანამედროვე ავეჯის, სანათი საშულებების და ინტერიერის სხვადასხვა აქსესუარის შესყიდვისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 2 800 000 ლარი;

- სულ გაიხარჯა 2 174 783 ლარი, საიდანაც 1 199 558 ლარი მოხმარდა ანტიკვარული ავეჯის და ინტერიერის აქსესუარების შეძენას, 255 000 ლარი მათ რესტავრაციას, ხოლო 720 225 ლარი - თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებების და ფარდების შესყიდვას; 

- ათონელის რეზიდენციისთვის შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის  ყველაზე ძვირადღირებულია  რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებული XIX საუკუნის ჭაღი - 59 000 აშშ დოლარი;

- ოთხ  ანტიკვარულ ჭაღში - ჯამში 133 410 აშშ დოლარი/391 112 ლარი დაიხარჯა; 

IDFI მიიჩნევს რომ, მსგავსი შინაარსის შესყიდვებისთვის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა, მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება სარეზერვო ფონდის განკარგვის მთავარ პრინციპს, რაც თანხების გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის გამოყოფას გულისხმობს, ხოლო  ბაზრის სათანადო შესწავლის და კონკურენციის  არ არსებობის პირობებში განხორციელებული სოლიდური ღირებულების შესყიდვები, მნიშვნელოვნად ზრდის საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური განკარგვის რისკებს.  

პრეზიდენტის რეზიდენციისათვის ანტიკვარული ნივთების შესყიდვის პროცესის (მაგალითად, ეროვნული მუზეუმის მიერ ვიზუალური დათვალიერებით 2 დღეში დასრულებული ანტიკვარული ნივთების  უდიდესი ნაწილის შესწავლის პროცესი) და ცალკეული ნივთების ფასი (მაგალითად, 59 000 აშშ დოლარად შესყიდული ჭაღი, 13 800 აშშ დოლარად შესყიდული სამეული მაგიდით და ა.შ. ) საეჭვოს ხდის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას ანტიკვარული ნივთების  შესყიდვით გარკვეული ეკონომიის გაკეთებასთან დაკავშირებით. ასევე, ეჭვქვეშ აყენებს  საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მოტივით პრეზიდენტის რეზიდენციის ადგილმდებარეობის საჭირო ცვლილებასთან დაკავშირებით. 

ამასთან, საბიუჯეტო სახსრებით პრეზიდენტის რეზიდენციის მაღალ ფასიანი ანტიკვარული ნივთებით კეთილმოწყობა, ვერ ჩაითვლება საზოგადოებისათვის და მომავალი თაობებისთვის კულტურული ფასეულობების შენარჩუნების ოპტიმალურ  გადაწყვეტილებად და  პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესატყვის საქმიანობად. ინსტიტუტი მიიჩნევს რომ, ამგვარი ღონისძიებებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრები უნდა გამოეყოს იმ სახელმწიფო ინსტიტუტებს (მაგალითად ეროვნულ მუზეუმი) რომელთა უშუალო კომპეტენციაა კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა და  სამუზეუმო ექსპონატების  გადარჩენა-ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი განკარგვის თვალსაზრისით განსაკუთრებული რისკის მატარებელია, ტენდერის გარეშე 720 225 ლარი ღირებულების თანამედროვე ავეჯის, სანათი საშულებების და ფარდების  შესყიდვა.

IDFI მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, დეტალურად შეისწავლოს სარეზერვო ფონდიდან პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობისათვის გამოყოფილი თანხების  განკარგვის მიზნობრიობა და ხარჯთეფექტურობა. ანალიზი მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს Luminate-ის პოზიციას.

წინამდებარე კვლევის ფარგლებში IDFI შეეცადა გამოერკვია  როგორ წარიმართა ათონელის რეზიდენციის ანტიკვარული და თანამედროვე ნივთებით კეთილმოწყობის პროცესი და რა დაუჯდა სახელმწიფო ბიუჯეტს თითოეული სამუზეუმე ექსპონატის თუ თანამედროვე ნივთის  შესყიდვა.  შესაბამისი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებით IDFI-მ მიმართა პროცესის სავარაუდო მონაწილეებს:  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურს, სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას,  სსიპ ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს." - აღნიშნულია IDFI- ის კვლევებში.

ამავე თემაზე