2019-11-15 14:10:46
სწორედ პუტინის საჩუქარს შეეშალა ხელი იმ გადაწყვეტილებით, რომლის მიღებაც მაჟორიტარებმა საკუთარ თავზე აიღეს - ხუნდაძე

სწორედ პუტინის საჩუქარს შეეშალა ხელი იმ გადაწყვეტილებით, რომლის მიღებაც მაჟორიტარებმა საკუთარ თავზე აიღეს - ამის შესახებ უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩავარდნასთან დაკავშირებით აცხადებს. მისი თქმით, პარლამენტმა ამ გადაწყვეტილებით რუსეთის ინტერესების საქართველოში განხორციელებას შეუშალა ხელი. 

„ერთეული კონგრესმენების განცხადება, რომ ქვეყანა აუცილებლად უნდა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, მითუმეტეს ახლა, ასე მოუმზადებლად, ცოტა უხერხულია და ცოტა არ იყოს - გასაკვირიც. კონგრესმენი გვთავაზობს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მაშინ, როდესაც ამერიკაში სრულად მაჟორიტარული სისტემაა. ასე, რომ ვფიქრობ, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან გვექნება აქტიური ურთიერთობა. ჩვენ, ვინც ამ გადაწყვეტილებაში უშუალო მონაწილეობა მივიღეთ, ღია ვართ, თუკი ისინი საჭიროდ ჩათვლიან ამ კონტაქტებს და ურთიერთობებს. ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი არის ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენი ქვეყანა საგარეო კურსს არ შეიცვლის და სწორედ პუტინის საჩუქარს შეეშალა ხელი იმ გადაწყვეტილებით, რომლის მიღებაც მაჟორიტარებმა საკუთარ თავზე აიღეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში ქაოსი და დესტაბილიზაცია არის პირდაპირი ხაზი იმისთვის, რომ რუსეთმა თავის ინტერესები განახორციელოს საქართველოში. ამას ჩვენ არ დავუშვებთ", - განაცხადა ხუნდაძემ.  

ამავე თემაზე