2019-11-12 15:04:04
თუ ეს წევრობა მხოლოდ ფორმალურია და არავითარი რელიგიური დატვირთვა არ აქვს, მაშინ არავითარი დაბრკოლება არ არსებობს წესის ასაგებად - დეკანოზი თამაზ ლომიძე

თანადგომა განსაცდელში მყოფი ადამიანებისადმი ეკლესიის მოვალეობაცაა და ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ეცადონ, რომ მონახონ გამოსავალი - აცხადებს დეკანოზი თამაზ ლომიძე 24 წლის დაღუპული ბიჭის ამბავზე, რომელიც გირჩის “ბიბლიური თავისუფლების” წევრი იყო და რის გამოც, ოჯახს წესის აგებაზე მღვდლები უარს ეუბნებიან.

დეკანოზი თამაზ ლომიძე მიიჩნევს, რომ თუ ეს წევრობა მხოლოდ ფორმალურია და არავითარი რელიგიური დატვირთვა არ აქვს, არავითარი დაბრკოლება წესის ასაგებად არ უნდა არსებობდეს:

“რამდენადაც მე ზუსტად არ ვიცი, რას წარმოადგენს გირჩის ბიბლიური თავისუფლების ორგანიზაცია, ჩემი პირადი აზრი ასეთია: თუ ეს წევრობა მხოლოდ ფორმალურია და არავითარი რელიგიური დატვირთვა არ აქვს და მხოლოდ ჯარიდან გასათავისუფლებლად იყენებენ ახალგაზრდები და ამასთან თუ მასში გაწევრიანებისას მათ ხაზგასმით არ განუცხადებიათ მართლმადიდებელი ეკლესიის და მისი მრწამსის დატოვების შესახებ, მაშინ არავითარი დაბრკოლება არ არსებობს წესის ასაგებად.

მართლმადიდებელიც შეიძლება რაიმე ორგანიზაციის წევრი იყოს სადაც რელიგიური სათაურია გამოყენებული, თუმცა ეს არ იყოს სარწმუნოება და ეკლესია. ასე უნდა მიუდგნენ ამ საკითხს და გადაწყვიტონ, ნუგეშს მისცემენ თუ არა მგლოვიარე ოჯახს. ეს თანადგომა განსაცდელში მყოფი ადამიანებისადმი ეკლესიის მოვალეობაცაა და ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ეცადონ, რომ მონახონ გამოსავალი. 

“მე მგონია, რომ გირჩის ეს ორგანიზაცია არანაირად არაა არც რელიგია და არც ეკლესია. ასე მარტივად არ ხდება ახალი მრწამსის რელიგიის დაფუძნება. მათთან ასე დაპირისპირებით და დატოლებით მართლმადიდებელი ეკლესია თავს უფრო იკნინებს”, - აცხადებს დეკანოზი.   

ამავე თემაზე