2019-11-12 13:40:04
„ნაციონალები“ არიან ახალი დროის ორჯონიკიძეები, ბერბიჭაშვილები, დღეს ისინი აუცილებლად ესროდნენ ილიას - კობახიძე

დღეს ისინი აუცილებლად ესროდნენ ილიას, რადგან ისინი არიან ახალი დროის ორჯონიკიძეები და ახალი დროის ბერბიჭაშვილები – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სესიაზე უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი შეფასებით, ოპონენტებს რეალურად არ უყვართ ქვეყანა და არ უხარიათ მისი წარმატება, პირიქით სწყინთ საქართველოს განვითარება და წარმატება.

"განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო თავდასხმა პირადად პატრიარქზე, რომელიც 40 წელზე მეტია უკვე ემსახურება ეკლესიის აღორძინებას და რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის აღორძინების საქმეს. ჩვენ აქ ვიხილეთ იმ სულის რეინკარნაცია, რომელიც ასე გვახსოვს ჩვენ გასული საუკუნის დასაწყისიდან, ეს არის ბოლშევიკური სულის რეინკარნაცია, მათ ოპოზიციას რომ ჰქონდეთ ახლა საშუალება, ხელში რომ ჰქონდეთ უროები და მაკრატლები დაიწყებდნენ ეკლესიების ნგრევას და სასულიერო პირების გაკრეჭას, თუმცა მათ აქვთ ახლა სხვა იარაღი და დღეს ისინი აუცილებლად ესროდნენ ილიას, იმიტომ რომ ისინი არიან ახალი დროის ორჯონიკიძეები და ბერბიჭაშვილები. ეს არის ხალხის შეფასება ამ პოლიტიკური ძალის მიმართ.

ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ ვის ინტერესებშია და ვის მიერაა მართული შეტევა და შტურმი ეკლესიაზე, პატრიარქზე. თუმცა ეს შტურმი განწირულია წარუმატებლობისთვის. მათ სცადეს 20 ივნისს შეჭრა პარლამენტში და ხელისუფლების გადატრიალება. ეს მცდელობა დასრულდა ისე, როგორც დასრულდა, მათი წარუმატებლობით. ახლა ცდილობდნენ შეჭრას ეკლესიაში და ეს მცდელობაც ასეთივე წარუმატებლობით დასრულდება, რადგან აქ დგას ხალხი, აქ დგას ხელისუფლება, აქ დგას ეკლესია, რომლებიც არის შეურყეველი და აუცილებლად დაუპირისპირებენ სათანადო პასუხს ასეთ პოლიტიკურ ძალებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე