2019-11-08 14:35:07
აი, ახლა თვალებში ვუყურებ ბიძინა ივანიშვილს და ვეუბნები, რომ ვერც შეგვაშინებს ვერაფრით და ვერც გაგვაჩერებს - ხაზარაძე

ბიძინა ივანიშვილს მინდა ვუთხრა, ვერ შეგვაშინებ და ვერც გაგვაჩერებ - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისი და ბადრი ჯაფარიძის საქმის არსებითი განხილვა უნდა დაწყებულიყო, თუმცა გადაიდო. ხაზარაძის თქმით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლების დაკარგვის ეშინია.

„ბიძინა ივანიშვილს ეშინია პირადად ჩვენი, იმ ადამიანებისა და ამომრჩევლის, რომელსაც ამოუვიდა ყელში მდგომარეობა, რაც დღეს არის შექმნილი. ყველანაირი მეთოდით ცდილობს, შეგვაჩეროს, დაგვაშინოს ან რამე ზომები მიიღოს. აი, ახლა თვალებში ვუყურებ და მინდა ვუთხრა, ვერც შეგვაშინებ ვერაფრით ვერ გაგვაჩერებ. ვერაფრით გააჩერებ იმ ნებას, რომელიც საქართველოს შეცვლის უკეთესობისკენ, ვერ შეაჩერებ იმ ნებას, რომლითაც ეს მახინჯი სისტემა, რომელიც მარიხუანას ბიზნესგეგმებზეა, ახლა კიდევ სხვა რაღაც ბიზნესგეგმებზე გაქვთ თავში ჩადებული.

ეს ქვეყანა არ არის თქვენი ღირსი და თქვენნაირი მმართველობის ღირსი. გპირდებით, ამას ყოველთვის გავიმეორებ იმ ათასობით ადამიანთან ერთად, რომელიც გვიერთდება. ამ რეალობას ჩვენ შევცვლით უკეთესობისკენ. თქვენ გაგიშვებთ პოლიტიკურ, ძალიან დიდ, გრძელვადიან შვებულებაში თქვენს თანამოაზრეებთან ერთად. კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო „ოცნების“ ე.წ. უცხოეთში განათლებულ ახალგაზრდებს – გრცხვენოდეთ, ასეთ რეჟიმს რომ ემსახურებით, გრცხვენოდეთ იმ რეფორმების, რომელიც ვერ ჩაატარეთ და ვერც ჩაატარებთ, გრცხვენოდეთ იმ სიცარიელის, რომელიც არ გაგაჩნიათ. თქვენ არ გაგაჩნიათ მიზანი, გეგმა, თავმოყვარეობაც კი, რადგან ასეთ უსამართლობას თქვენ ეგუებით. მაკო გომურის დაზარალებულად არ გამოცხადება არის საბოლოო წერტილი თქვენი ადამიანობისა და თქვენი დამოკიდებულების საერთოდ სამართალსა და სამართლიანობაზე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

ამავე თემაზე