2019-11-06 12:09:26
ძალიან მიკვირს, რომ გაუთავებლად ამბობთ, თითქოს არ ვპასუხობ თქვენს კითხვებს მამალაძეზე - ზურაბიშვილი

ცოტა არ იყოს, მიკვირს, რატომ არის მხოლოდ და მხოლოდ ინტერესი ერთ ადამიანზე. ძალიან ბევრი სხვა ადამიანი ელოდება შეწყალებას - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა  დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. 

„ძალიან მიკვირს, რომ გაუთავებლად ამბობთ, თითქოს არ ვპასუხობ თქვენს კითხვებს მამალაძეზე. თუ სწორად მახსოვს, უკვე მეხუთეჯერ გეუბნებით და გპასუხობთ იგივე ტელევიზიებს, რომ მამალაძის შეწყალებას რაც ეხება, გამოვედი ინიციატივით, რომ კონსულტაციები ჩატარებულიყო და ჩატარდა. გითხარით, რომ ვამზადებ ახალ ბრძანებულებას, რომელიც ახლო მომავალში გამოვა ახალი წესებით. მგონი, გასაგებია ისიც, რომ სანამ წესები არ არის, რომელიმე შეწყალებაზე ფიქრი და განხილვა რთულია. ამიტომ უნდა დაველოდოთ წესებს, ბრძანებულებას. როგორც კი გამოვა, ხელს მოვაწერ და თქვენც გაეცნობით. შემდეგ შევუდგებით იმ საკითხს, რასაც შეწყალება ჰქვია. ცოტა არ იყოს მიკვირს, რატომ არის მხოლოდ და მხოლოდ ინტერესი ერთ ადამიანზე, ძალიან ბევრი სხვა ადამიანი ელოდება ამ კუთხით, ახალგაზრდები და არ არის სამართლიანი, რომ მხოლოდ ერთით იყოთ დაკავებული და დაინტერესებული“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე: როდის იქნება ახალი წესები, ზურაბიშვილმა უპასუხა: „როცა იქნება გეტყვით და გაეცნობით“.  

ამავე თემაზე