2019-11-06 11:53:26
სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი „შენგელია საქართველოს წინააღმდეგ“ დარეგისტრირდა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში, სარჩელი „შენგელია საქართველოს წინააღმდეგ“ დარეგისტრირდა. ამის შესახებ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია ,,ფეისბუკის" გვერდზე წერს. შენგელიას თქმით, დღეს არსებული ძალადობრივი რეჟიმის მთავარი ამოცანა საკუთარი არსებობის გახანგრძლივებაა და სწორედ ამ რეჟიმის წინააღმდეგ არის მიმართული ეს სარჩელი.

„არც ერთი ინსტანცია, არც ერთი მინიმალური შანსი არ დაგვიტოვებია მტკიცებულებების მოსაპოვებლად, საქმეზე სიმართლის დასადგენად. საპასუხოდ ყველა სახელმწიფო უწყებიდან ვიღებდით საქმის გაყალბების ხელშეწყობას, მოწმეებზე ზეწოლას, ტყუილებს, ცინიზმს, არაკომპეტენტურობას. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი შეთანხმებულად მოქმედებდა საქმის გამოძიების შესაწყვეტად, ფაქტების დასამახინჯებლად.

ერთი წლის განმავლობაში, ჩემი მეგობრების დახმარებით, პრაქტიკულად შიშველი ხელებით, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობით, ლამის სისხლის ფასად ვცდილობთ საქმის მასალების მოპოვებას და სწორედ ასე მოპოვებული მასალები გავაგზავნეთ სტრასბურგში. ახლა ბოლო სიტყვა ევროპიდან უნდა გავიგოთ, სადაც იმედი მაქვს, ჩვენი მთავრობა არ ეცდება თავისი საცეცების მიწვდენას.

ჩვენ დღეს სახელმწიფო არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ძალადობრივი რეჟიმი, რომლის მთავარი ამოცანა არის საკუთარი არსებობის გახანგრძლივება. სწორედ ამ რეჟიმის წინააღმდეგ არის ეს სარჩელი. საქართველოს წინააღმდეგ ბაჩანა შენგელია არასოდეს იქნება, მით უმეტეს ია კერზაია, რომელიც ზუსტადაც ქვეყნის სიყვარულს და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა. მადლობა ყველას, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, - წერს ბაჩანა შენგელია.   

ამავე თემაზე