2019-11-05 16:11:38
ყველა ქალმა უნდა ამოიღოს ხმა ძალადობის დროს და მისცეს სხვებს მაგალითი - ლომჯარია

ყველა ქალმა უნდა ამოიღოს ხმა ძალადობის დროს და მისცეს სხვებს მაგალითი - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს. ლომჯარიას თქმით, ძალადობის მსხვერპლ ქალებს საზოგადოება გვერდში უნდა დაუდგეს და სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ასეთი ადამიანები. 

“ქალმა საჯაროდ ისაუბროს მის მიმართ ჩადენილ ძალადობაზე ჩვენ საზოგადოებაში ძალიან, ძალიან რთულია, ხოლო საჯარო პირმა, პოლიტიკოსმა და ცნობადმა სახემ – 10 000-ჯერ უფრო რთული და ძალიან დიდ გამბედაობას მოითხოვს. ოჯახში ძალადობას არა აქვს სოციალური სტატუსი, ასაკი, რელიგია, მისი მსხვერპლი შეიძლება გახდეს ყველა. სირცხვილი არ არის იყო მსხვერპლი, არც მსხვერპლის “ბრალია” იყოს მსხვერპლი. 

სახელმწიფო იმიტომ არსებობს, რომ უნდა დაგვიცვას ასეთ ვითარებაში, საზოგადოება გვერდით უნდა დაუდგეს მათ. ყველა ქალმა უნდა ამოიღოს ხმა ძალადობის დროს და მისცეს სხვებს მაგალითი!”, - წერს ნინო ლომჯარია. 

შეგახსენებთ, ადამიანია უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ დაადასტურა, რომ მეუღლე მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა.  

ამავე თემაზე