2019-11-04 17:26:41
გვარამის ბრალდების საქმეზე სახალხო დამცველი სასამართლოს მიმართავს

2019 წლის 4 ნოემბერს სახალხო დამცველმა შპს „სამაუწყებლო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. სახალხო დამცველმა მიუთითა, რომ კანონმდებლობისა და საერთაშორისო გამოცდილების/სტანდარტების გათვალისწინებით, საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება.

„დირექტორის გადაწყვეტილება, თუნდაც ნაკლები მოგების მიღებას გულისხმობდეს, შესაძლებელია ემსახურებოდეს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს და უზრუნველყოფდეს მოკლე, ან გრძელვადიანი რისკების დაზღვევას. განცხადების თანახმად, დირექტორი არ უნდა უფრთხოდეს იმას, რომ წარსულში მიღებულ სამეწარმეო გადაწყვეტილებას სასამართლო დანაშაულებრივად მიიჩნევს მხოლოდ მისი უარყოფითი შედეგიდან გამომდინარე, მით უმეტეს, თუ ამ ქმედებიდან არ იკვეთება დომინანტური მდგომარეობის არსებობა ან მისი ბოროტად გამოყენება და შესაძლებელია დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გონივრულად განმარტება.

„სასამართლომ უნდა იმსჯელოს დასახელებულ გარემოებებზე და წარმოადგინოს დასაბუთებული პოზიცია განსახილველ საკითხებზე, ვინაიდან ნიკა გვარამიას მიმართ წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებული გარემოებების გადაწყვეტა უშუალო გავლენას ახდენს როგორც ინდივიდის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფაზე, ასევე, სასამართლოს შემდგომი პრაქტიკის განვითარებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის მოსაზრებით, პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება არ შეიცავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის მკაფიო ნიშნებს.  სასამართლომ სიღრმისეულად უნდა იმსჯელოს და შეაფასოს, რამდენად არის სადავო ქმედება სისხლისსამართლებრივი დანაშაული თუ ის განხილული უნდა იყოს საკორპორაციო-სამართლებრივ ჭრილში.

ამავე თემაზე